საქართველოს პარლამენტის წევრს ქართული ოცნებიდან, დავით კაჭარავა ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა კომენდანტის საათის გადაწევა ან საერთოდ გაუქმება. ეს კითხვა მან მინისტრის საათის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოში მისულ ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვა.

"რამდენად ეფექტურად მუშაობს კომენდანტის საათი და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როცა კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქმნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების ძალიან დიდ რისკებს ქმნის", — თქვა კაჭარავამ.

ჯანდაცვის მინისტრს ამ კითხვაზე ჯერ არ უპასუხია, რადგან პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული.

განახლება: კაჭარავას კითხვაზე პასუხად ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამ ეტაპისთვის კომენდანტის საათის თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ არის. მან ტრანსპორტში გადატვირთულობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოსავალი ტრანსპორტის დამატებაა და არა კომენდანტის საათი გადაწევა, რადგან გადაწევის შემთხვევში, "ადამიანის ქცევიდან გამომდინარე", იგივე ეფექტს მივიღებთ.