თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. საქმის განხილვის გადადება მელიას ადვოკატებმა მოითხოვეს.

"მოგეხსენებათ, მე პირდაპირ დავაფიქსირე სასამართლო პროცესზე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ აქ თუ ჩვენ ახლა დავიწყებდით რაღაც სამართლევრივ არგუმენტებზე მსჯელობას, ეს იქნებოდა თავის მოტყუება. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ საქმის გადადება იმ ვადით, რაც არის საჭირო პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასმრთლოსა და პროკურატურას", — განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

მისივე თქმით, მელია სასამართლო პროცესებს ბოლომდე ვერ დაესწრება.

"სხვა მხრივ, ჩვენი მხრიდან შესავალი სიტყვის თქმა, მტკიცებულებებზე საუბარი, ეს არის თავის მოტყუება, რომ თითქოსდა აქ მართლა სასამართლო პროცესი იმართება. ეს რომ ასე არ არის, თითომაც კარგად იციან, ამიტომ მოსამართლე იძულებული გახდა, გადაედო აღნიშნული პროცესი [...] მოსამართლეს რა უნდა განემარტა? ვერაფერი ვერ განმარტა და გადადო პროცესი. მე ვერ მოვისმინე ოფიციალური განმარტება, თითქოსდა შეეცადა განემარტა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს, თითქოს ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და თვითონ წყვეტს ამ საქმეზე ყველაფერს, რაც არის ღიმილისმომგვრელი", — თქვა კონდახაშვილმა.

მელიას სასამართლო პროცესი შემდეგი გრაფიკით გაიმართება:

  • 13 მაისი 12:00 საათი;
  • 21 მაისი 11:00 საათი;
  • 25 მაისი 15:00 საათი;
  • 27 მაისი 12:00 საათი;
  • სასამართლო პროცესი შედგება, ასევე, ივნისშიც.

მელია 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცრაზმის დახმარებით დააპატიმრეს. სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზი. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას შემცვლელის, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებიდა რამდენიმე საათში კი მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალას მიიღო. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. სწორედ, 16 თებერვალს მოუხსნა ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ, რითაც პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა პროკურატურას პირველად 2019 წლის 26 ივნისს მისცა. მსჯელობის საგანი, მაშინაც 20 ივნისის საქმეზე მელიას ბრალდება იყო. მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია. სწორედ მელიას უარის შემდეგ მიმართა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.