საქსტატმა დემოგრაფიის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 728 573 ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0,3%-ით, ანუ 11 715 ადამიანით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს 4 017 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, თუმცა მოიმატა იმიგრირებულთა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), რამაც მოსახლეობის საერთო რიცხვი გაზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020-ში იმიგრანტთა რაოდენობა 15 732-ით აღემატებოდა ამ პერიოდში საქართველოდან ემიგრირებულებს — ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა გაიზარდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისში მაცხოვრებელთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა ამგვარად გადანაწილდა:

  • 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20,5%-ს შეადგენს;
  • შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) — 64,2%-ს;
  • 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი —15,2%-ს;

რაც შეეხება სქესობრივ განაწილებას, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 1.79 მილიონი კაცი ცხოვრობდა, ხოლო ქალების რაოდენობა 1,93 მილიონი იყო. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში უფრო მეტი კაცი ცხოვრობს, ვიდრე ქალი, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

საქსტატის ანგარიშში საუბარია მიგრაციასთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 74 264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29,3%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხვი 7,1%-ით შემცირდა და 89 996 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 85,8% და ემიგრანტების 86,2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.