გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვარიანტების შორის ფუნდამენტური განსხვავება არ არის, თუმცა ამატებს, რომ ქართული ოცნების ვერსია ბევრად უფრო გასაგებია.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გირჩი მხარს ქართული ოცნების წარმოდგენილ კანონპროექტს, მეგრელიშვილი ასე პასუხობს:

"ჩემი აზრით, სწორი ვერსიაა. ანუ, იგივე მიზანს აღწევს, რაც ოპოზიციას უნდა, უბრალოდ ბევრად უფრო გასაგებია ადამიანებისთვის. წარმოიდგინეთ, ერთი ვერსიაა, რომ მოდი ჩამოვთვალოთ რაღაცა პუნქტები, რას ეხება და მეორე, ვთქვათ, რომ ყველაფერს ეხება, გარდა ამისა.

ჩემი აზრით ეს არის ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. ანუ, ვიღაცამ უნდა დაადასტუროს, რომ ამაზე არ შევთანხმებულვართ, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს. ჩემი აზრით, ეს ეს არის. ანუ, ფურცელი უნდა გადავშალოთ ისე, რომ მომავალში არ დავიტოვოთ საჩხუბარი 19-20 ივნისის საქმეებზე. მიზანი ხომ ეს არის?!", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი კანონპროექტის მსგავსების პათოსს იზიარებენ მოქალაქეებიც. პარტიის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ამიტომ ან ორივეს დაუჭერენ მხარს, ან არცერთს.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი - ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ვერსიები. სავარაუდოდ შემდეგ კვირას, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული უქმეების შემდეგ, დაიწყება განხილვები საკანონმდებლო ორგანოში.

გაიგეთ მეტი: