2020 წლის 8 დეკემბერს, კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზა 90 წლის ინგლისელმა მარგარეტ კენანმა მიიღო. მას შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა და უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი.

პროცენტულად ადამიანების აცრით ისრაელი ლიდერობს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილია. ისრაელს მოჰყვება დიდი ბრიტანეთი, ჩილე, აშშ და სხვა ქვეყნები. მთლიანობაში კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მილიარდ ადამიანზე მეტს აქვს მიღებული.

ის, რომ კორონავირუსის დასამარცხებლად ვაქცინაცია აუცილებელია, არახალია და ამას ყველა ავტორიტეტული და ცნობილი მეცნიერი ამბობს. ამ სტატიით ვეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ კორონავირუსის ვაქცინების ტიპები და მათი განსხვავებები. ასევე ის, თუ როგორ შეძლო მეცნიერებამ "ასე სწრაფად" შეექმნა ვაქცინა.

თემაზე გენეტიკის დოქტორანტს და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელს, ნინო ჩიღვინაძეს ვესაუბრეთ.

როგორ შეიქმნა კორონავირუსის ვაქცინა "ასე სწრაფად"

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობა, არ დაწყებულა არც ერთი წლის წინ, არც პანდემიის დაწყების მომენტიდან, მეტიც, შეიძლება ითქვას რომ სამუშაოები 2003 წლიდან დაიწყო", — გვიყვება ნინო ჩიღვინაძე.

ნინოს თქმით, ამის აღნიშვნის საშუალებას ის გვაძლევს, რომ მეცნიერები SARS-CoV-2-ზე მუშაობდნენ და აღმოჩნდა, რომ მისი გენომური თანმიმდევრობა 80%-ით მსგავსია SARS-CoV-ის. ამასთან, ორივე ვირუსი, უჯრედში შეღწევისას უკავშირდება ერთსა და იმავე რეცეპტორს (ACE-2).

"სწორედ აღნიშნული მონაცემების და სხვა ბევრი კვლევის წყალობით, მეცნიერებს საშუალება მიეცათ, პირველად შეექმნათ ვაქცინა ყველაზე სწრაფად. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 330 დღე გავიდა მუშაობის დაწყებიდან, პირველ ვაქცინაციამდე, რაც სულაც არ არის გასაკვირი. მით უმეტეს, რომ მსგავს ვირუსზე უკვე არსებობდა უამრავი ლიტერატურული მონაცემი. ამას ემატება გენური ინჟინერიის შესაძლებლობები და დღევანდელი ტექნოლოგიები. ამიტომ არგუმენტი, რომ ვაქცინა მალე შეიქმნა და ამიტომ სახიფათოა, არ არის სწორი", — ამბობს ნინო.

სწორედ ტექნოლოგიურ პროგრესს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვაქცინების სწრაფად დამზადებასთან ერთად, მისი მრავალფეროვნებაც გვაქვს. დღეს კორონავირუსის ვაქცინების ოთხი ტიპი არსებობს. მათში შედის "ტრადიციული" ტიპის ვაქცინები, რის დროსაც ინაქტივირებული ვირუსის შეყვანა ხდება ჩვენს ორგანიზმში, რომლის საპასუხოდაც გამომუშავდება სპეციფიკური ანტისხეულები და ინოვაციური ვაქცინები, რომლებიც მეტად დახვეწილია. ასეთ დროს გამოიყენება ვირუსის ფრაგმენტები, სპეციფიკური ცილები, ვექტორები და მ-რნმ.

ოთხი ტიპის ვაქცინა

"პირველი ეს დასუსტებული/ინაქტივირებული ვირუსით შექმნილი ვაქცინაა, რომელსაც ტრადიციულ მეთოდსაც უწოდებენ და განაპირობებს იმუნური პასუხის გამომუშავებას. მაგალითად, ასეთია ჩინური Sinopharm (სინოფარმი).

მეორე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ცილების ერთეულების დახმარებით შექმნილი ვაქცინები, როდესაც ხდება ვირუსის რეკომბინანტული ცილის ნაწილის შეყვანა, რაც განაპირობებს ლიმფოციტების გააქტიურებასა და ანტისხეულების გამომუშავებას. ასეთია აშშ-ს ვაქცინა Novavax (ნოვავაქსი).

მესამეა ვექტორული ვაქცინები, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც "გენმოდიფიცირებული" ვირუსი. მარტივად რომ ვთქვათ, კორონავირუსის გენის მიბმა ხორციელდება, გადამტანზე (ვექტორზე), ეს ვექტორი უნდა იყოს უსაფრთხო ჩვენი ორგანიზმისათვის, შეიძლება გამოვიყენოთ რეკომბინანტული ადენოვირუსი, ამ შემთხვევაშიც ეფექტი, რა თქმა უნდა იგივეა — ლიმფოციტების გააქტიურება და ანტისხეულების გამომუშავება. ასეთი ვაქცინებია CanSino (ჩინეთი), Johnson – Johnson (აშშ) და Oxford-AstraZeneca (ბრიტანეთი).

რაც შეეხება მეოთხე ვაქცინის ფორმას, ეს არის მესენეჯერ-რნმ (მ-რნმ) ვაქცინები, რომელიც ყველაზე ინოვაციურია ჩამოთვლილ ვაქცინებს შორის. ამ დროს მ-რნმ-ის შეყვანა ხდება ორგანიზმში, რომლის საპასუხოდაც გამომუშავდება სპეციფიკური ცილა ვირუსის გენეტიკური მასალის გასანადგურებლად, ჩვენი ორგანიზმი კი იმახსოვრებს ამ ინფორმაციას. ასეთი გახლავთ Moderna (აშშ) და Phizer (აშშ)", — გვითხრა ნინომ.

როგორც ვხედავთ, ვაქცინები რომლებსაც ვიყენებთ, შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან იმით, თუ რა მეთოდითაა დამზადებული ისინი; ანუ რა ტიპის ვაქცინაა, ტრადიციული (ინაქტივირებული ვირუსი) თუ თანამედროვე (ცილა, მ-რნმ, ვექტორი), როგორი შენახვის პირობები აქვს მას — ინახება +2,+8 თუ -70 გრადუსზე, მაგრამ შედეგი საბოლოოდ ყველას ერთი აქვს — ისინი ვირუსის დამარცხებაში გვეხმარებიან.