ახალი ანალიზი აჩვენებს, რომ AstraZeneca-Oxford ვაქცინის ერთი დოზა ადამიანის COVID-19-ით სიკვდილის რისკს 80%-ით ამცირებს, იგივე მაჩვენებელი Pfizer-ის ორი დოზით აცრის შემთხვევაში კი 97%-მდე იზრდება.

ინგლისის საზოგადიებრივი ჯანდაცვის (PHE) უახლესი მონაცემების მიხედვით, ამ ვაქცინებმა, აცრის დაწყებიდან, უკვე მინიმუმ 10 000 ადამიანის სიცოცხლე იხსნა. PHE-ს ცალკეულმა ანალიზმა ასევე დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ერთი დოზა მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით კი 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ PHE-ს აღმოჩენები ადამიანებისთვის "ნამდვილი შვება იქნება — ახლა მათ უკვე ეცოდინებათ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მათში ავად გახდომის ან ჰოსპიტალიზაციის რისკი ვაქცინით აცრის შემდეგ საგრძნობლად შემცირდება".

აცრილ ადამიანებში კოვიდსიკვდილიანობის რისკის განსაზღვრისთვის, PHE-მ ის შემთხვევები გამოიკვლია, როდესაც ადამიანებს სიმპტომური კორონავირუსი გამოუვლინდათ. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები PCR ტესტის აღებიდან 28 დღის მანძილზე დაიღუპნენ. შემდეგ ეს მონაცემები შეადარეს მათი ვაქცინაციის სტატუსს.

შედეგებმა აჩვენა, რომ კოვიდინფიცირებულ ადამიანებში, რომლებსაც Pfizer ან AstraZeneca ვაქცინების მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ გაკეთებული, სიკვდილისგან დაცვის დონე შესაბამისად 44% და 55%-ით მაღალი იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც ვაქცინის არც ერთი დოზა არ ჰქონდათ მიღებული.

PHE-ს მიხედვით, Pfizer ვაქცინის ორი დოზისთვის სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 69%-ია იმ ადამანებში, რომლებიც მეორე დოზით მინიმუმ 7 დღით ადრე აიცრნენ იქამდე, სანამ ვირუსი დაუდგინდებოდათ. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემთხვევაში, PHE-ს მონაცემებით, სიკვდილის მიმართ დაცვა 97%-მდე იზრდება.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ვაქცინის ერთმა დოზამ ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის 73% ეფექტიანობა აჩვენა 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში. იგივე მაჩვენებელი Pfizer ვაქცინისთვის 93%-მდე იზრდება.

PHE-ს დოკუმენტში ისიცაა აღნიშნული, რომ ვაქცინები სპეციფიურია და ვირუსის სხვადასხვა ვარიანტების მიმართ ისინი, სავარაუდოდ, განსხვავებული ეფექტიანობით გამოირჩევიან. მეცნიერები აგრძელებენ ანალიზების ჩატარებას იმის გასარკვევად, თუ როგორ გვიცავენ და საერთოდ თუ გვიცავენ ვაქცინები სხვა ვარიანტებისგან.

PHE-ს იმუნიზაციის ხელმძღვანელი ექიმი მერი რამსი ამბობს, რომ "ვაქცინაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილის ან მძიმე შემთხვევების განვითარების რისკს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. იგი ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს დაინფიცირების და ვირუსის გავრცელების რისკს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინის ორივე დოზის მიღება".