მარტვილის, ფოთისა და სენაკის მერის ყოფილი მოადგილეები აცხადებენ, რომ თანანმდებობიდან თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მთავრობისა და პარტიის გადაწყვეტილებით გაუშვეს.

"დილით გვქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარიყავი. კერძოდ, დავით გვიშიანის მოთხოვნა იყო, კონტაქტი მასთან იყო როგორც ვიცი. საუბარში შევატყვე, რომ მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე", — ამბობს ფოთის მერის ყოფილი მოადგილე, პაატა ლაგვილავა.

იგივეს ამბობს მარტვილის მერის მოადგილე, აკაკი ხუნწარია.

"მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით, ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობის მიერ რომ, მე პირადად დამეტოვებინა თანამდებობა. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო, რადგან მე მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად", — აღნიშნა ხუნწარიამ.

ფოთის მერის მეორე მოადგილის, კონსტანტინე თოფურიას თქმით, თანამდებობის დატოვება მას მერმა სთხოვა.

"მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის ხალხი, რომელიც იმ საქმეს ემსახურებოდა, რომელიც ქართული სახელმწიფოს კეთილდღეობაზე იყო მიმართული, ჯერჯერობით, ვერ რჩება თანამდებობაზე. მე მთხოვა ქალაქის მერმა, ბატონმა გოჩა კურდღელიამ, დამეტოვებინა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე. მუშაობაში პრობლემები მასთან არ გვქონია. მე ვფიქრობ და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არის მთავრობისა და პარტიის გადაწყვეტილება", — აცხადებს თოფურია.

სენაკის მერის მოადგილის, კახაბერ კუპრეიშვილის თქმით კი, მან გადადგომის გადაწყვეტილება მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღო.

"ქართული ოცნების გუნდი მაიძულებს დავტოვო სენაკის მუცნიიპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა, მიზეზად ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამოაზრეობის გამო. პარტიის წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და მერებს აცნობებენ, რომ მოადგილეები გადადგნენ", — ამბობს კუპრეიშვილი.

11 მაისს თანამდებობები დატოვეს გორის მერის მოადგილეებმა და ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. როგორც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით კი, მოადგილები გიორგი გახარიას სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის გაწევის გამო გაათავისუფლა.