პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა. მისი თავმჯდომარე ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე იქნება. ლელოს წევრებთან ერთად, ფრაქციას უერთდებიან დეპუტატები: შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და სალომე სამადაშვილი. სწორედ სამადაშვილი იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

"ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი ამ ფრაქციის მიერ, იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ამ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ფრაქციის წარდგენისას.

ფრაქცია ჯერჯერობით 7 წევრისგან შედგება, ესენია: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი გაფართოების მოლოდინი აქვს.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ფრაქციის წევრობა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეებს, შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს, ჯაფარიძემ უპასუხა: "ჯერ არა".

მისი თქმით, ფრაქციაში გაწევრიანება პირდაპირ არ შეუთავაზებიათ სტრატეგია აღმაშენებლისთვის. თავად სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ფრაქციასთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

ბადრი ჯაფარიძემ, ასევე, განაცხადა, რომ ფრაქცია არ შეუერთდება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიას.