ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, განადგურდა მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მედიის, მათ შორის, Associated Press-ისა და Al Jazeera-ს ოფისები.

ისრაელის განცხადებით, ჰამასი მედიის ოფისებს ცოცხალ ფარად იყენებს და კორპუსში განთავსებულია სამხედრო დაზვერვის საშუალებები, რომელიც ჰამასს ეკუთვნის. მათივე თქმით, სამოქალაქო პირები ევაკუაციის შესაძლებლობის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

Associated Press-ის დირექტორის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები შოკირებული და შეშინებული იყვნენ. AP წერს, რომ მათი თანამშრომლების და მრვალსართულიან შენობაში მცხოვრების ადამიანების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც მიიღეს გაფრთხილება, რომ ერთ საათში იერიში იქნებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, 12-სართულიან შენობას სამი მძიმე რაკეტა მოხვდა.

"იმის გამო, რაც მოხდა დღეს, მსოფლიო ნაკლებ ინფორმაციას მიიღებს იმაზე, რაც ხდება ღაზაში. ჩვენ შოკირებულები და შეშინებულები ვართ იმით, რომ ისრაელის სამხედროებმა მიზანში ამოიღეს საცხოვრებელი სახლი და გაანადგურეს AP-ისა და სხვა მედიების ოფისები. ეს დაუჯერებლად შემაშფოთებელი ამბავია, ჩვენ ძლივს ავიცილეთ თავიდან საშინელი ადამიანური მსხვერპლი", — აცხადებს Associated Press-ის დირექტორი.

მისი თქმით, თავდასხმასთან დაკავშირებით გამოითხოვეს ინფორმაცია ისრაელის ხელისუფლებისგან და ამ მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც ითანამშრომლებენ.

AP-ის ინფორმაციით, ღაზაში, შენობის ბოლო სართულზე ოფისი 15 წლის განმავლობაში ჰქონდათ და ეს იყო კარგი ადგილი კონფლიქტის გასაშუქებლად, მათ შორის 2009 და 2014 წლის ომების.

განცხადება გააკეთა Al Jazeera-მაც და ყველა მედიასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდა, გააერთიანონ ძალები და ისრაელის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. კომპანია ამას აფასებს ქმედებად, რომელიც ჟურნალისტებს საქმიანობაში და ადგილიდან ინფორმაციის გავრცელებაში ხელს შეუშლის.

"ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ მეთოდს, რათა ისრაელის ხელისუფლებას თავისი ქმედების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს", — აცხადებენ Al Jazeera-ში.

ნიუ-იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ისრაელისგან დეტალური და დოკუმენტირებული დასაბუთება მოითხოვა.

"ეს თავდასხმა აჩენს ეჭვს, რომ ისრაელის არმიას მიზანმიმართულად მიაქვს იერიში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, რათა ხელი შეუშალოს ღაზაში ადამიანური ტრაგედიების გაშუქებას", — აცხადებს ორგანიზაცია.

მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის კიდევ ერთი ავიაიერიში, რომლის შედეგადაც ღაზის დევნილთა ბანაკში მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ჰამასმა თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.