16-20 მაისს კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

"ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, დაგეგმილია შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. ამასთან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცე სპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 27 აპრილს აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ კახა კუჭავა მას შემდეგ წარადგინა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.