ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევში საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს პარტიაში დაუდასტურეს. თავდაპირველად აღნიშნული ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

როგორც პარტიაში გვითხრეს, მელია კიევში დღეს პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად გაფრინდა.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა.

პარტიის წევრების ცნობით, ამ ეტაპზე ენმ-ში მსჯელობენ იმაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 12 მაისს განაცხადა, პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში "მჭიდრო კონსულტაციები" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.