გირჩი — მეტი თავისუფლების ლიედრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, განიხილება, რომ თბილისის მერობაზე კენჭი იყაროს. მისი თქმით, თუ შემოთავაზება ექნება იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი, დათანხმდება.

"საპარლამენტო არჩევნებზე, მიუხედავად გაყალბებისა, ყველაზე პატარა დანახარჯებით და ალბათ, ასჯერ ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე ჩვენზე წინ გასულმა პარტიებმა, თბილისიშ გავედით მესამე ადგილზე და შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საერთო კანდიდატი. ეს არის ახლა მოცემულობა.

ჯერ პარტიის შიგნით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამიტომ ცალსახად ვაპირებ, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატა, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. შემოთავაზება თუ იქნება, კი, მაგაზე თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ მე რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია", — თქვა მან.

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დააყენებს.

თუმცა რამდენიმე პარტიამ ენმ-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვა, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მესამე, "მძლავრი მიზიდულობის ცენტრი", რომლითაც ხელისუფლების ცვლილების პროცესი დაიწყება.

მელიას კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს მოქალაქეების ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, პარტიაში მიდის მსეჯლობა, რომ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.