ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიაში "ყველას, 36 ათასივე წევრს" ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ღამის კურიერში ისაუბრა.

"პარტიაში ყველას, მე ვთქვი, რომ 36 ათასივე წევრს, ბუნებრივია, ექნება სურვილი, რომ კახა კალაძე იყოს თბილისი მერობის კანდიდატი, ეს არის ცალსახა", — თქვა მან.

კობახიძის განცხადებითვე, კახა კალაძე ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და უპირველეს ყოვლისა, თავად კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი.

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციამ საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია უნდა განიხილოს.