ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გახარია თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს დააყენებს "საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ღამის კურიერში ისაუბრა.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ადგილზე ასეთ შემთხვევაში ის ვერ გავა. ანუ, საუკეთესო შემთხვევაში ის გავა მესამე ადგილზე. ჯერჯრობით რაც ჩანს, ისევ აქვს ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი, რომ სადღაც 20% აიღოს და საკმაოდ რთული იქნება მესამე კანდიდატისთვის, რომ ამ მაჩვენებელს გადააჭარბოს. სამწუხაროდ, ეს ასეა", — თქვა მან.

შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქართულ ოცნებას თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ოპოზიციაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ისინი კვლავ გაერთიანებული სახით უნდა წარდგნენ. ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციამ საერთო კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია უნდა განიხილოს. არის ვარაუდი, რომ თბილისის მერობაზე კენჭს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარიაც იყრის.