გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიცია საერთო კანდიდატად სხვას დაასახელებს, ის თავისას არ მოხსნის. როგორც მან On.ge-ს ინტაგრამ ლაივში განაცხადა, პარტიაში ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ მერის არჩევნებზე წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას ეყოლება კანდიდატი ჯაფარიძე კენჭს ცალკე იყრის, თუ მოხსნის კანდიდატურას, ის პასუხობს: "რატომ უნდა მოვხსნა? სხვამ მოხსნას".

"ალბათობა [რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ] მაღალია, რადგან ამ წუთში პარტიაში ასეთი განწყობა არის, რომ გირჩმა აჩვენა მესამე ადგილი უკანასკნელ არჩევნებზე, მიუხედავად იმ ყველაფრისა, გაყალბებებისა. შესაბამისად, თუ სადმე შეიძლება გირჩს ჰქონდეს პრეტენზია, ეს არის ურბანული, სადაც ჩვენ გვაქვს ხმები აღებული და პირველ რიგში ეს არის თბილისი, სადაც სხვა პარტიებთან შედარებით, რომლებსაც გავასწარით და მესამე ადგილზე გავედით, ჩვენი ფინანსური რესურსი იყო ასჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია.

გარდა ამისა, სხვა ფაქტორიც არის, პარტიას სჭირდება ადამიანი, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს და როგორც წესი, არჩევნებზე ასეთი ადამიანი არის პარტიის ყველაზე ცნობადი სახე და შესაბამისად, არჩევანი მაგიტომაც ჩერდება ჩემზე.

გარდა მაგისა, ასევე, მესამე არგუმენტიც არსებობს პარტიაშიც, რომ ჩვენ ზოგადად ყოველთვის ვცდილობდით კონკრეტული თემები წამოგვეწია, გაგვეჟღერებინა და ამისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი კანდიდატი გვყავდეს, რომელიც ამ თემებს წამოწევს და ადამიანებს აუხსნის, რატომ უნდა იყოს ეს ასე და ისე", — განაცხადა მან.

On.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციაში რომელიმე ლიდერი მაინც, ვის სასარგებლოდაც კანდიდატურას მოხსნიდა, ის პასუხობს:

"არა, თუ გირჩმა ეს გადაწყვეტილება მიიიღო რომ მე უნდა ვიყო გირჩის კანდიდატი, მაშინ ეგეთი ლიდერი არ არსებობს".

მანვე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, კარგი იქნება და მადლობასაც ეტყვის.