2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი მუსიკალური ჯგუფი, Måneskin, სიმღერით Zitti E Buoni გახდა. ჯგუფმა ტელემაყურებლებისა და ჟიურის ქულებით ჯამში 524 ქულა მოაგროვა და საკუთარ ქვეყანას მესამე გამარჯვება მოუტანა, შესაბამისად, მომდევნო ევროვიზია სწორედ იტალიაში გაიმართება.

Måneskin-მა ცხრა უმაღლესი შეფასება — 12 ქულა — დაიმსახურა; 5 ქვეყნის ტელემაყურებლისგან და 4 ქვეყნის ჟიურისგან, მათ შორის, საქართველოდანაც.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს იტალიამ ევროვიზიის მოგება 31 წლის წინ, 1990 წელს მოახერხა.

ამით წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დასრულდა. 2021 წელს მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებას ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი მასპინძლობდა Ahoy არენაზე.

რიგით 65-ე ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც 180 მილიონზე მეტი ადევნებს თვალს, კორონავირუსის გამო გაუქმებული 2020 წლის ევროვიზიის შემდეგ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 39-მა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის, საქართველომ, რომელიც შეჯიბრებას ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანი წარადგენდა, საკუთარი სიმღერით You. თორნიკემ მეორე ნახევარფინალში 16 ქულა მიიღო და ბოლოდან მეორე პოზიცია, მე-16 ადგილი დაიკავა.