ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ აქციაზე დასწრების და ზოგადად პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. როგორც მან აღნიშნა, არც ძალადობრივ ჯგუფებს აუკრძალავენ აქციაზე მისვლას და არც ლგბტქ თემს.

"ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა, აქციებზე, ბუნებრივია, ვერავის მოსვლა ვერ შეეზღუდება, მისი კუთვნილებიდან გამომდინარე, თუ რა და ვის ჯგუფს წარმოადგენენ ეს ადამიანები, ამას ვერ ექნება მნიშვნელობა, როცა მოძრაობა არის სახალხო ხომ?" — განაცხადა მან.

რაც შეეხება ზოგადად ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას, ამ კითხვის პასუხად გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

"აზრის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსსაც. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ ჩვეულებრივი მოქალაქის ფარგლებს არ გაცდება მისი პროტესტი, რაც არის, შეუძლია აქ მოვიდეს და გააპროტესტოს, მეტი არაფრის თქმა შემიძლია", — განაცხადა მან ტაბულას კითხვის პასუხად.

რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დღეს დაიწყო. მათ მოგვიანებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მოქალაქეთა ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. აქციაზე იმყოფებიან როგორც აქტივისტები, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები.

ადგილზე, ასევე, მივიდნენ ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები. აქციაზე იმყოფებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირებიც.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სიტყვით გამოსვლას მხოლოდ აქტივისტები შეძლებენ, ხოლო სხვა ჯგუფებს, მათ შორის პოლიტიკოსებს თუ სურთ დასწრება, ადგილზე პარტიული სიმბოლიკის გარეშე უნდა იყვნენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.

"ხვალ 12 სააათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა მოთხოვნები თუ არა, ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე. თუ ხვალ 12 საათამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას", — გაანცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:

  • დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
  • გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.

გაიგე მეტი: