2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1,19 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,5%-ით ნაკლებია — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. სავარაუდოდ, მოსახლეობის შემოსავლების შემცირების უმთავრესი მიზეზი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 6,4%-ით — 1 100,5 ლარამდე შემცირდა, ხოლო ერთ სულზე 4,4%-ით იკლო და 321,4 ლარს გაუტოლდა. ერთ შინამეურნეობაზე არსებული შემოსავლების მოცულობა ბოლო სამი წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდება და მხოლოდ 2016 წლის მონაცემს აღემატება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების შემოსავლების ძირითადი წყარო ფულადი შემოსავლებია, რომელთა წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2,3 პროცენტული პუნქტით 86,8%-მდე გაიზარდა. ფულადი შემოსავლების ნაწილში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი შემცირებული, ხოლო სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი — გაზრდილია.

შემოსავლების საერთო მოცულობის 47,8% დაქირავებით შრომიდან მიღებულ თანხებზე მოდის, 23,4% — პენსიებზე, სტიპენდიებსა და დახმარებებზე, ხოლო იმ ადამიანების წილი, რომლებიც თვითდასაქმებიდან იღებენ შემოსავლებს 9,4%-ია. სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების საერთო პროცენტული წილი 20%-მდე აღწევს.

რაც შეეხება ხარჯების მოცულობას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯვა 1,1 მილიარდი ლარი იყო, რაც 7,6%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, ერთი შინამეურნეობა თვის განმავლობაში 9,4%-ით ნაკლებს, საშუალოდ 1 038,5 ლარს ხარჯავდა, ხოლო ერთ სულზე გაწეული ხარჯების მოცულობა, წლიურად 7,4%-ით ნაკლები, 303,3 ლარი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან ხარჯვის შემცირება ქვეყანაში არსებულ ლოქდაუნსა და ეკონომიკის არაერთი სექტორის გაჩერებას უკავშირდებოდა.