2021 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან ხელფასებზე 479 მილიონი ლარი გაიცა, საიდანაც 69,4 მილიონი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურება იყო. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, წელს შრომის ანაზღაურებისთვის 50,7 მილიონი ლარით, ანუ 11,8%-ით მეტი თანხაა გაცემული.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან სულ 3,1 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან შედარებით 352,6 მილიონი ლარით, ანუ 12,8%-ით მეტია.

გარდა შრომის ანაზღაურებისა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საქონლისა და მომსახურების, გადასახდელი პროცენტების, სუბსიდიების, გრანტებისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯების შესახებაც არის საუბარი.

საქონლისა და მომსახურებისთვის მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 335,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 43,3 მილიონით, ანუ 14,8%-ით მეტია. ამ თანხაში შედის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასებიც. რაც შეეხება პირველ კვარტალში ამ კატეგორიისთვის გაწეულ სხვა ხარჯებს, მათი ჩამონათვალი ამგვარია:

  • ოფისის ხარჯები — 48,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 2,8% (1,4 მილიონი ლარი);
  • სამედიცინო ხარჯები — 48 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 123,5% (26,5 მილიონი ლარი);
  • კვების ხარჯები — 22,2 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 5,2% (1,2 მილიონი ლარი);
  • ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები — 21 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 16,2% (4 მილიონი ლარი);
  • რბილი ინვენტარისა და უნიფორმის ხარჯები — 16,7 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 283,9% (12,3 მილიონი ლარი);
  • მივლინება — 13,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 10,2% (1,6 მილიონი ლარი);
  • წარმომადგენლობითი ხარჯები — 2 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 34,2% (1,1 მილიონი ლარი);
  • სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები — 34,8 ათასი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 98% (1,7 მილიონი ლარი);
  • ამ კატეგორიის სხვა ხარჯები — 93,7 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 3,4% (3,1 მილიონი ლარი);

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში ვალდებულებებისთვის დასაფარად გაწეული საპროცენტო ხარჯი 12,5 მილიონი ლარით, 181,5 მილიონამდე გაიზარდა. აქედან, საგარეო ვალის მომსახურებისთვის 57,9 მილიონი, ხოლო საშინაო ვალის პროცენტის დასაფარად 123,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება სუბსიდიებს, ამ მიმართულებით მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 158,1 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 32,6 მილიონით (25,9%) მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დოკუმენტი ასევე მოიცავს გრანტებისთვის გადახდილ თანხებს და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ პირველ კვარტალში ხარჯების საერთო მოცულობა 24,1 მილიონით (18,1%) შემცირდა და 108,8 მილიონი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტის ვრცელი ნაწილი სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს ეხება. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მიმართულებაზე 1,5 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. გასული წლის პირველ-სამ თვესთან შედარებით კი, სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 184,8 მილიონით, ანუ 14,4%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის იანვარ-მარტში სოციალურ უზრუნველყოფაზე ფინანსები დაიხარჯა შემდეგი მიმართულებებით:

  • მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა — 638,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 9,5% (66,8 მილიონი ლარი);
  • მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება — 203,8 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 4,4% (8,7 მილიონი ლარი);
  • მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა — 175,5 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 28,3% (69,3 მილიონი ლარი);
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში პროგრამები — 152 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 251,5% (108,7 მილიონი ლარი);
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება — 55 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 5,2% (3 მილიონი ლარი);

გარდა ამისა, სხვა ხარჯებში მიმდინარე წლის სამ თვეში 438,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 65,2 მილიონი ლარით, ანუ 17,4%-ით მეტია.

ხარჯების განაწილება აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი რაოდენობის თანხა სოციალურ უზრუნველყოფაზე (47,4%), შრომის ანაზღაურებასა (13,2%) და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე (10,8%) დაიხარჯა.