საქართველოს რკინიგზამ 2020 წელი 164 მილიონიანი ზარალით დაასრულა — ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაში ვკითხულობთ. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით შემცირებულია თითქმის ყველა სახის ხარჯი, გარდა ხელფასებისა და ფინანსური დანახარჯებისა.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზამ ხელფასებზე 9,9 მილიონით მეტი, 170,5 მილიონი ლარი გასცა. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, ამ მხრივ წლიური ზრდა 149,7%-ს, ანუ 191,8 მილიონ ლარს შეადგენს და 319,9 მილიონ ლარს უტოლდება.

საქართველოს რკინიგზამ 2020 წელს 157 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის შემოსავლებზე 17 მილიონი დოლარით ნაკლებია. ამის მიუხედავად, იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს ლარის კურსი გაუფასურდა, საქართველოს რკინიგზის ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშებული შემოსავლები მხოლოდ 2 მილიონით, 489,4 მილიონ ლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, კვლევა აჩვენებს, რომ 2020 წელს საქართველოს რკინიგზამ 2%-ით მეტი, 11,1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა იზრდება, უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელთან შედარებით ეს მონაცემი თითქმის განახევრებულია. როგორც ანგარიშიდან ვკითხულობთ, 2012-2018 წლებში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად მცირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სს საქართველოს რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წელია, რაც წაგებაზე მუშაობს. საქართველოს რკინიგზამ 2017 წელს — 354,1 მილონი, 2018 წელს — 716,5 მილიონი, ხოლო 2019 წელს 5,6 მილიონი ლარი იზარალა.