ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმიტომ გადადგა, რომ მმართველი პარტია მოქალაქეების "რეალურ პრობლემებს დაშორდა" და ჩაითვალა, რომ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა იყო. ამის შესახებ მან საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი, ამ რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს ჩვენი მოქალაქეების, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს. მარტივი მიზეზის გამო — რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად — 8-წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას", — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში დაიწყო. პარტიას საქართველოსთვის ერქმევა. გახარის გუნდის პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისული და გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომებზე საუბრობენ.

აქციაზე ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა შეცვალეს და საქართველოსთვის წევრები არიან მისული. აქტივისტებს "გახარიას ცოდვების" პლაკატები უჭირავთ. ამასთან, აქტივისტებმა სიმღერა "გახარიას უხარია" ჩართეს, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლას ეძღვნება.

18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.

ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.

გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.