სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.

ავტორი: მარიამ ნიკურაძე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში რამდენიმე მოსახლემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მანგანუმის მოპოვება მათი სახლების ქვეშ გრძელდება, სახლები ზიანდება და ინგრევა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ არც ჯორჯიან მანგანეზი უსმენს და არც — მთავრობა.

ვერა კუპატაძე აქციას 16 თებერვლიდან შემოუერთდა. ვერას თქმით, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები მის ოჯახზე ათწლეულების განმავლობაში ახდენს გავლენას.

"ურთულეს პერიოდში ავაშენეთ ეს სახლი — ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით — ახლა კი თავზე გვენგრევა ნაწვალები, შიმშილის პერიოდში ნაშენები სახლი. დავიბადე და გავიზარდე შუქრუთში. ჩემი მშობლები იბრძოდნენ ისე, რომ ერთი თეთრი არ აუღიათ, ოჯახი განადგურდა. ახლა მე ვიბრძვი", — გვითხრა ვერამ.

ვერა კუპატაძე, რომლემაც პირი ორშაბათს ამოიკერა, ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მათი პროტესტი მთავრობის ყურადღებას მიიპყრობს.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ვერას მშობლების სახლი 2000-იანი წლების დასაწყისში დაინგრა. მისი თქმით, ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. ისინი იძულებული იყვნენ, ახალი სახლი აეშენებინათ.

"ახლა იმის ქვეშ თხრიან და ისევ გვანგრევენ. ზიანდება სახლი ისევ".

ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც შუქრუთელების პროტესტი მიმდინარეობს, ვერას არც მთავრობიდან და არც კომპანიიდან არავინ შეხმიანებია.

"ასეთ უსამართლობაში მოვექეცით. ასეთ ხელისუფლებას ველოდით? ვერაფრით წარმომიდგენია", — ამბობს ვერა.

ამჟამად ათი შუქრუთელი შიმშილობს. მათგან ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პირი ამოიკერა.

ხუთმა კაცმა პირი ორი კვირის წინ ამოიკერა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ისინი ჯორჯიან მანგანეზისგან, რომელიც ჭიათურაში მანგანუმს მოიპოვებს, კომპენსაციას ითხოვენ. ამასთან, მათი მოთხოვნაა პროცესში ჩაერთოს მთავრობა და შეაფასოს, რა ხდება სოფელში, რადგანაც კომპანიის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობიან.

მას შემდეგ, რაც შუქრუთში პროტესტი განახლდა, ჯორჯიან მანგანეზმა მზადყოფნა გამოთქვა, პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართულიყო, მხოლოდ ერთი პირობით:

"თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება".

ეზოს მეპატრონე გვეუბნება, რომ ორმო ეზოში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ადგილობრივების თქმით, ნაპრალები მიწაზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომპანიამ მანგანუმის მოპოვება სოფლის ქვეშ განაახლა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ადგილობრივების თქმით, ეს გაზის მილი მიწის ქვეშ იყო, თუმცა მიწის დაძვრის შედეგად ზედაპირზე აღმოჩნდა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯორჯიან მანგანეზმა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა, რომ კომპანია დადებულ პირობას ამჯერად შეასრულებს.

აქციის მონაწილეები საპროტესტო ბანაკთან. 2020 წლის ნოემბერი.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

შუქრუთელების აქცია 2019 წლის 5 სექტემბერს დაიწყო და რამდენჯერმე განახლდა. 2021 წლის თებევრვლის შემდეგ კი უწყვეტად მიმდინარეობს.

ადგილობრივებმა OC Media-ს უთხრეს, რომ მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ გამოხმაურებიათ.

შუქრუთელებმა არაერთი აქცია გამართეს ჭიათურის მერიასთან, თუმცა აქციებს გამოხმაურება არ მოჰყოლია

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ია ასანიძე აქციას ერთი თვის წინ შემოუერთდა, რადგან მანამდე მცირეწლოვან შვილს ვერ ტოვებდა. მან ორ ქალთან ერთად 24 მაისს პირი ამოიკერა.

"ჩემი სახლი დანგრეულია. მიწის ნაკვეთები მაქვს, ყველაფერი უბედურდება. ახლის აშენების პერსპექტივა არაა შუქრუთში, ვერაფერს ააშენებ. ხის სახლიც კი მიწაში ჩავა", — გვეუბნება ია.

ია ასანიძემ შიმშილი შვიდი დღის წინ დაიწყო, პირი კი ორშაბათს ამოიკერა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

იას ქმარმა, სერგო მოდებაძემ პირი 18 დღის წინ ამოიკერა. წყვილი დღედაღამ კარავშია, მაღაროს შესასვლელთან.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

თამარ კუპატაძე, რომელიც განახლებულ აქციას პირველივე დღეებში შემოუერთდა, ამბობს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, მთავრობის ვერც ერთი წარმომადგენლის ყურადღება ვერ დაიმსახურეს. მისი თქმით, მთავრობიდან არავინ მისულა — მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისიდან იყვნენ რამდენიმე დღის წინ.

თამარ კუპატაძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

"მეთოთხმეტე დღეს მოვიდნენ, მაგრამ ძალიან უიმედოდ დაგვტოვეს. მხოლოდ სასწრაფო ამოდის ყოველ დილას და საღამოს, რომ ჯანმრთელობა შეგვიმოწმოს", — გვითხრა თამარმა.

გიორგი ნეფარიძე, რომელიც შუქრუთის აქციების ერთ-ერთი ლიდერია, იხსენებს, რომ პროტესტი პირველად 2020 წლის ივნისში შეწყვიტეს, როდესაც ზეპირი დაპირება იყო, რომ კომპანიის, ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება დაიდებოდა, რომ თუ კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას არ გადაუხდიდა, სახლემწიფო მას შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებდა. თუმცა ასეთი შეთანხმება არ შედგა.

გიორგი ნეფარიძე: "ჩვენი პროტესტი იმის მაგალითია, თუ როგორ გადაგვახიეს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა თავზე"

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

იმედა ნეფარიძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ჯანო ლაბაძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

იმედა ნეფარიძე ნაიარევზე მალამოს ისვამს.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

აქციის მონაწილეები იმ კარავში ცხოვრობენ, რომელიც 2019 წლის სექტემბერში კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან აღმართეს. კარავში შუქი არ არის. ზამთარში გასათბობად შეშის ღუმელს იყენებენ. მოშიმშილე ქალებისთვის გასულ კვირას გვერდით მეორე კარავი აღმართეს.

აქციის მონაწილეები შეშის ღუმელთან თბებიან. თებერვალი, 2020 წელი.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

იმის გამო, რომ მაღარო 24/7 მუშაობს, კარვებთან ხმაურია. აქციის მონაწილეების თქმით, ხმაურის გამო ხშირად თავის ტკივილი და წნევები აწუხებთ. ხმა ისეთი მაღალია, რომ სასაუბროდ ხშირად ყვირილია საჭირო.

ლევან შეყილაძის სახლი 1969 წელს აშენდა. მისი თქმით, სამი წლის წინ, როდესაც მიწამ მოძრაობა დაიწყო, მისი სახლი დაზიანდა. შენობის უკანა მხარეს კუთხე ჩამოინგრა.

OC Media შეყილაძის სახლს 2020 წელს ეწვია და დაზიანებები გადაიღო.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

გასულ კვირას მისი სახლის იგივე კუთხე კიდევ უფრო ჩამოინგრა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ამირან შეყილაძე.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

შუქრუთი, შეყილაძის სახლი

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ლევანის ძმა იმ ხუთ კაცს შორისაა, ვინც პირი ამოიკერა. ძმებმა ეზოში ახალი ნაგებობა ააშენეს იმის იმედად, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, თუმცა ახალ ნაგებობაში უკვე ბზარები გაჩნდა.

ლევან შეყილაძე

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

შეყილაძე ახლად დაგებულ გზას გვაჩვენებს, რომელზეც უკვე ნაპრალები გაჩნდა.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

მიწის დაძვრის შედეგად შუქრუთში მდებარე საფლავებიც ზიანდება.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

"კიდევ კარგი, რომ იმ მომენტში სახლში არ ვიყავით, ისტერიკა დამემართებოდა, რომ მენახა. მეორე კუთხეც დაზიანებულია, იქითა კუთხეც არანაკლებია, მოიხსნა ის კუთხეც. და ეგ არის. სულ ოთხი კუთხე აქვს სახლს, ერთი კუთხე დარჩა. რა მაჩერებს ან მე და ან ამ სახლს, არ ვიცი", — ამბობს ლევანი.

"არ მოდიან [მთავრობა]. მარტო მედია თუ ამოვა. მთავრობა მარტო ბიზნესის და ფერმერების გაძლიერებაზე ფიქრობს. ჩემნაირ უბრალო გლეხზე არავინ ფიქრობს".

აქციის მონაწილეები კარავში ცივი ზამთრების და ცხელი ზაფხულის მიუხედავად რჩებიან.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

წლების განმავლობაში ისინი რამდენიმე უსახლკარო ძაღლს აჭმევენ და იფარებენ.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media