ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ეკლესიასთან ურთიერთობა გააფუჭა და მას მხარდაჭერა არ ექნება.

"მე ვფიქრობ, რომ გაასწრო მოვლენებს. იმიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იცით, ინფორმაცია არ მაკლია შიგნით, ასე ვთქვათ, მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო, მელიას იმუნიტეტის შეწყვეტა და ცოტა ხანში გამოდის და თვითონ ამბობს ამას რას აკეთებთო, ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. მე რადგან ვიცოდი, რომ მაინც უნდა წასულიყო, უბრალოდ, თავისებთან ცუდად გამოუვიდა, როგორც მე ვიცი, ჩემი ინფორმაციები რაც მაქვს გადამოწმებულიც, რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტიაო, ჩემთვის გაუგებარია. ვინც არიან დასახელებული კადრები, დღესაც კი რომ უთხრა, იმათ დაუჯერებენ ადეიშვილის კადრები არიან შიგნით, თუ არა კარგად იცით თქვენ ადეიშვილის, მერაბშივილის, ასევე, კეზერაშვილის, ანუ ნაცმოძრაობის რაღაც ნაწილი იყო იქ. გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, ეკლესიისგან, გეუბნებით, აბსოლუტურად არავითარი, მხარდაჭერა კი არა...", — ამბობს მეუფე.

29 მაისს გიორგი გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია. 18 თებერვალს ის პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.

ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.

გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.