1800-იანი წლების დასაწყისში გერმანელი მხატვარი, კასპარ დავიდ ფრიდრიხი განმეორებით ხატავდა ერთსა და იმავეს: სხეულებს, რომლებიც თვალწარმტაც პეიზაჟს გაჰყურებდნენ, ზურგი კი მნახველისკენ ჰქონდათ მოქცეული. ფრიდრიხმა გემიდან მომზირალი წყვილისა და ფანჯრიდან მოთვალთვალე ქალის პორტრეტები შექმნა. თუმცა, ხელოვანის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის სახელი იმ ტილომ მოიპოვა, რომელზეც მოხეტიალე კაცი ნისლში გახვეულ კლდეებს გასცქერის.

იმ დროისთვის კომპოზიციური გამოხატვის ხერხად ზურგშექცეული ადამიანების დახატვა სიახლე არ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც ეს ტექნიკა გამოიყენა, იტალიელი მხატვარი, ჯოტო დი ბონდონე გახლდათ. მან თავის ერთ-ერთ ნამუშევარში სიმკვეთრის სიღრმის შესაქმნელად ქრისტეს დამტირებლები ზურგშექცევით დახატა.

ჯოტო დი ბონდონე, ქრისტეს დატირება (1306).

ფოტო: Wikimedia Commons

ეს ტექნიკა რაფაელისა და ვერმეერის ნამუშევრებშიც გამოვლინდა. თუმცა ესთეტიკის ამგვარი ფორმის პოპულარიზაცია მაინც ფრიდრიხმა და მისმა თანამოძმე გერმანელმა რომანტიკოსებმა მოახდინეს და მას გერმანულად Rückenfigur, ანუ "ზურგშექცეული ფიგურა" დაარქვეს.

ამ ხერხის საშუალებით ხელოვანებს ადამიანებში ინტერესის გაღვივება სურდათ. ისინი მნახველებს საშუალებას აძლევდნენ, რომ ნამუშევარში წარმოდგენილი სიუჟეტი უსახო სუბიექტის თვალით დაენახათ. სწორედ მსგავსი ნახატებისთვის დამახასიათებელმა ჰეროიკულმა და იდუმალმა ფიგურებმა, ფუნჯის თავისუფალმა და ემოციებით სავსე მონასმებმა და დიდებულების შიშმა ფრიდრიხის 1817 წლის ტილო, მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე, მიმდინარეობის არქეტიპულ ნიმუშად აქცია.

იუჰან კრისტიან კლაუსენ დალი, დედა და შვილი ზღვის პირას, 1830.

ფოტო: The Met

ზურგშექცეული ფიგურა საკუთარი პარადოქსული ხასიათის გამო დაძაბულობას წარმოქმნის. ეს ტექნიკა მნახველს ნამუშევარში წარმოდგენილ ლანდშაფტში ეპატიჟება, თუმცა, ამავდროულად, მასსა და ხელოვნების ნიმუშს შორის არსებულ ზღვარსაც თვალნათლივ ანახებს. "მსგავსი ხერხი მნახველის წარმოსახვას აღვიძებს და მას ვირტუალურ ლანდშაფტში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა არსებული მანძილი გვაიძულებს, მეტად აქტიურად შევიმეცნოთ ნამუშევარი, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნახატისეულ ვირტუალურ სამყაროში შებიჯება", — წერს ხელოვნების ისტორიკოსი, ჯულიან ჯეისონ ჰელედინი.

მას შემდეგ, რაც ფრიდრიხმა ამ ესთეტიკის პოპულარიზაცია მოახდინა, Rückenfigur-მა ვიზუალური კულტურის საზღვრები გაარღვია და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება თუ მედიასფერო მოიცვა.

ჰორსტ პ. ჰორსტი, ამერიკული სიშიშვლე, 1982.

ფოტო: Grob Gallery

მან რეი, ენგრის ვიოლინო, 1924.

ფოტო: Musée National d'Art Moderne

ისეთი სიურრეალისტები, როგორებიც სალვადორ დალი და რენე მაგრიტი იყვნენ, ზურგშექცეულ ფიგურებს იდუმალებისა და თვითანალიზის გამოსაწვევად იყენებდნენ. როდესაც მნახველი დალის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ნამუშევარში, ფიგურა ფანჯარასთან (1925), ცარიელი ფანჯრიდან ზღვის ხედზე მომზირალ ქალის ფიგურას უყურებს, მას მაშინვე სევდა იპყრობს. ქალის სხეულის მიმზიდველობას ამ ტექნიკით ისეთი ხელოვანებიც გამოხატავდნენ, როგორებიც გუსტავ კურბე, მან რეი და ჰორსტ პ. ჰორსტი იყვნენ. მათი ყველა ამგვარი ნამუშევარი, სადაც ქალის ზურგს ვხედავთ, სახე კი იდუმალი რჩება, ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის ნამუშევარს, დიდი ოდალისკი (1814), მოგვაგონებს.

თუკი ამ ყველაფერს ცოტა ვუაიერიზმსაც დავუმატებთ, შეგვიძლია, ედგარ დეგას პასტელური ნამუშევრების სერიაც გავიხსენოთ, რომელშიც ხელოვანმა იდუმალი ქალები აბაზანის მიღების შემდგომ, სხეულის გამშრალების პროცესში დახატა.

ედგარ დეგა, ქალი აბაზანაში, 1886.

ფოტო: Wikimedia Commons

ედგარ დეგა, აბაზანის მერე ქალი კისერს იმშრალებს, 1898.

ფოტო: Musee dOrsay

თანამედროვე ფოტოგრაფიაში Rückenfigur-ის ტექნიკა ნამუშევრებს მისტიკურობის ელფერს სძენს. სიგ ჰარვი — თავისი სიურრეალისტური ავტოპორტრეტების, ერიკ მედიგან ჰეკი კი იდუმალი სამოდელო ფოტოების შესაქმნელად სწორედ ამ ხერხს იყენებენ.

სიგ ჰარვი, წყლის მიმოქცევა, ავტოპორტრეტი, მენგროვის ყურე, ბერმუდა, 2005.

ფოტო: Robert Klein Gallery

ერიკ მედიგან ჰეკი, სახით, 2013.

ფოტო: Weinstein Gallery - Minneapolis

ფოტოგრაფი ლაკინ ოგუნბანვო კი ესთეტიკას განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოაჩენს და ზურგშექცეული კაცების პორტრეტებს უკიდურესად ახლო ხედით გამოსახავს, ხოლო მათი ქუდები ნიგერიული იდენტობის სიმბოლოდ იქცევა.

ლაკინ ოგუნბანვო, მოხდა, 2015.

ფოტო: WhatIfWorld

ერიკ მედიგან ჰეკი, სახის გარეშე (ყვითელი), 2013.

ფოტო: Christophe Guye Galerie

რაც შეეხება კინოხელოვნებას, აქ ზურგშექცეულ ფიგურებს დრამატული მომენტის შექმნა შეუძლიათ. სწორედ ამ ხერხის წყალობით, მაყურებელი პერსონაჟის იდენტობითა და მისი მობრუნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით განსაკუთრებით ინტერესდება. მაგალითად, როგორც ერთმა დაკვირვებულმა იუთუბერმა შენიშნა, მსახიობი ჯენიფერ კონელი ზღვის ნაპირას, ნავმისადგომზე ზურგშექცევით სამ სხვადასხვა ფილმში დგას. ერთ-ერთი მათგანია დრამა, რეკვიემი ოცნებისთვის (2000), სადაც ჰარი (ჯარედ ლეტო) თავის სიზმარში სანაპიროზე მერიონის პერსონაჟთან (კონელი) მიახლოებას ცდილობს, თუმცა როცა მასთან მივა, ქალი უჩინარდება.

ფილმში, ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (2004), კი საოცარ სცენას ვხვდებით, სადაც ჯოელი (ჯიმ ქერი) საკუთარი შეყვარებულის ახალი რჩეულის შემობრუნებას და მისი სახის დანახვას ამაოდ ცდილობს. ჯორდან პილის საშინელებათა ფილმში, ჩვენ (2019), ახალგაზრდა ზორა (შაჰადი რაით ჯოზეფი) სარკეთა სახლში საკუთარ დოპელგანგერს ხვდება; როდესაც ის ტრიალდება და თავისი ორეულის ზურგს ეჩეხება, მაშინვე რენე მაგრიტის ცნობილი ნამუშევარი, ედვარდ ჯეიმსის პორტრეტი (1937) გვახსენდება, რაც მაყურებელში მომენტალურ შიშს აღძრავს. ორივე შემთხვევაში Rückenfigur-ის ტექნიკა დაძაბულობის გრძნობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

როდესაც Rückenfigur-ის ტექნიკაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკა, თავბრუსხვევა (1958) არ ვახსენოთ. კიმ ნოვაკი ფილმში მომხიბვლელი, მაგრამ ტანჯული ქალის როლს თამაშობს, რომელიც საკუთარი დიდი ბებიის სულით შეიძლება იყოს შეპყრობილი. მასზე უიმედოდ შეყვარებული დეტექტივი კი, რომელსაც ჯეიმს სტიუარტი განასახიერებს, ქალს ზურგს უკან მიჰყვება. მუზეუმის დაძაბულ სცენაში ნოვაკი თავის იმ წინაპრის პორტრეტს უყურებს, რომელსაც საკუთარი სტილითა და ჩაცმულობით ბაძავს. კამერა სტიუარტის პერსპექტივას იზიარებს, რომელიც ქალის შებრუნებულ ფიგურას დაჟინებით ათვალიერებს. ის ქალით მონუსხულია, თუმცა იცის, რომ მას ვერასდროს მოიპოვებს — სწორედ ისე, როგორც ფრიდრიხის მოხეტიალე ვერასდროს გადაკვეთს მის წინ გადაშლილ უფსკრულს.

ბოლო დროს Rückenfigur-ის ტექნიკა ონლაინსივრცეშიც პოპულარული გახდა. ინსტაგრამზე ინფლუენსერები ამ ხერხს ფანების მოსაზიდად ხშირად მიმართავენ. ზურგშექცეული, იდუმალი ფიგურები, ძირითადად, გაშლილ, თვალწარმტაც სივრცეებში ჩნდებიან. ამ დროს კი ინსტაგრამის ანგარიშთა მიმდევრებს ამ გლამურულ ადგილებში საკუთარი თავის წარმოდგენა და თავგადასავალში "მონაწილეობით" სიამოვნების მიღება შეუძლიათ. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი ინსტაგრამის ანგარიში, @followmeto-ა, სადაც ფოტოგრაფი მურად ოსმანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფოტოს საკუთარი მოდელი ცოლის, ნატალის ზურგშექცეულ ფიგურას უღებს.

ფოტო: Murad Osmann / @followmeto

მოდელის უკან გაწვდილი ხელისთვის ჩაკიდებული მურადის ხელი კი მნახველს მოცემულ ადგილას საკუთარ თავს წარმოადგენინებს. თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი წყვილს მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ადგილას დასასვენებლად მიჰყვება და, ამავდროულად, იმ გამოცდილების მონაწილე ხდება, რომელიც ფრიდრიხმა ორ საუკუნეზე დიდი ხნის წინ დაამკვიდრა.