პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მას მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პირადად გადასცა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ. თუკი დავინახავ, რომ ის [გიორგი გახარია] გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი… კი, კი, მან პირადად გადმომცა. მან გადმომცა ეს წერილი, ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა, — განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

პროკურატურის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა.

ამავე თემაზე: