სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ისინი უკვე სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანეს.

"ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10- მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც", — აცხადებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.

რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.