მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში 28,3%-ით ნაკლები, 125,4 მილიონი დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა — ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

საუბარია წინასწარ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის კლება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა სახელდება. რეინვესტიციაში კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნება იგულისხმება — როდესაც რეინვესტიცია მცირდება, ამ დროს კომპანია ან ნაკლებ მოგებას იღებს, ან მას დივიდენდების სახით ანაწილებს.

ფოტო: საქსტატი

ქვეყნების მიხედვით, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, კვლავ პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 88,4 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70,5%-ს შეადგენს — სავარაუდოდ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე ქართული საფინანსო კომპანია (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, "საქართველოს კაპიტალი") დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი, შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში ჩადებული თანხები უცხოურ ინვესტიციებად განიხილება. ქვეყნებს შორის, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი — 31,9 მილიონი დოლარით (25,4%), ხოლო მესამეზეა თურქეთი — 24,5 მილიონი დოლარით (19,5%).

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, 2021 წლის იანვარ-მარტში კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93,9 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74,9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი — 35,5 მილიონი დოლარით (28,3%), ხოლო მესამეზე — დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27,9 მილიონი დოლარით (22,2%).

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში უცხოური ინვესტიციები მასშტაბურად შემცირდა. 2020 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლიურად 52,9%-ით იკლო და ბოლო 10 წლის მინიმუმამდე, 616,9 მილიონ დოლარამდე დაეცა.