საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებითაც, რითაც ახლა ნამახვნაჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი არ გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"რაც შეეხება ნამახვანის პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ასე შემდეგ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს.

ჩვენ ინვესტროს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ინვესტორს დავითანხმებთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის", — თქვა მან.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 26 მაისს, გვიან ღამით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები გუმათში ჩავიდნენ და კომპანია ენკას მანქანებისთვის ხეობის შესასვლელი გადაკეტეს. ისინი აბრახუნებდნენ რკინის ჯებირზე, რომელიც პოლიციამ გზის გადასაკეტად აღმართა. გუმათჰესთან მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს განაცხადა, რომ ბარიკადების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყეს. აქტვისიტებმა კი აღნიშნეს, რომ ხმაური გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

27 მაისს გუმათში რიონის ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რკინის ჯებირებზე ბრახუნი დაიწყო, ნაწილმა კი სცადა ჯებირებზე მიწოლა. უკან დახევაზე ორგანიზატორების მოწოდების მიუხედავად, ყველას გაკონტროლება ვერ მოხერხდა და სიტუაცია დაიძაბა. დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის.