პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის ქართული ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია.

ამნისტია 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლბეში შემუშავდა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა.

მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამავე მუხლის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება დანაშაულის მომზადების ან მომზადების მცდელობაზეც და პირობით მსჯავრზეც.

ამნისტია არ გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144¹-144³ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებასა და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ქართული ოცნების ვერსიის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუხლისა, ხოლო ოპოზიციის კანონპროექტში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, დანარჩენი ყველა საქმე კი პროექტს მიღმა რჩება (ანუ ამნისტია არ შეეხება), მათ შორის, 20 ივნისის საქმეზე სამომავლოდ შესაძლო დაწყებული გამოძიებები.

ოპოზიციის ნაწილმა ამნისტიის საკუთარი კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელსაც მმართველ პარტიაში მხარი არ დაუჭირეს.

გაიგე მეტი: