ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, The Witcher-ის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს: სერიალის მეორე სეზონის პირველი თიზერი აქაა! სულ რაღაც 12-წამიანი ვიდეო საკმარისია იმის მისახვედრად, რომ წინ კიდევ ერთი საინტერესო და დაძაბული თავგადასავალი გველის.

ცნობილი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიის სატელევიზო ეკრანიზაციის, The Witcher-ის პირველი სეზონის პრემიერა ნეტფლიქსზე 2019 წელს შედგა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალად იქცა — პირველ სერიებს 76 მილიონამდე ადამიანმა უყურა.

2020 წლის თებერვალში ნეტფლიქსმა მეორე სეზონზე მუშაობის დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. მეორე სეზონში კვლავ ვიხილავთ ჰენრი კავილს (გერალტი), ანია ჩალოტრასა (იენიფერი) და ფრეია ალანს (ცირი). აღსანიშნავია, რომ ძველ სამსახიობო გუნდს რამდენიმე ახალი სახეც შეემატა: იესენ ათორი, აგნეს ბიორნი, პოლ ბულიონი (Peaky Blinders), ერსტედ რასმუსენი (Fast and Furious 9), აიშა ფაბიენ როსი, კრისტოფერ ჰივიუ (Game of Thrones) და მესია სიმსონი.

ნეტფლიქსის ამ რეკორდსმენი სერიალის გაგრძელება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გადაღებებს პანდემიამ შეუშალა ხელი. 2021 წლის აპრილში ოფიციალურად დადასტურდა, რომ მეორე სეზონის გადაღება დასრულდა.

როგორ განვითარდება ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ბედი, ამას, იმედი გვაქვს, ძალიან მალე ვიხილავთ.

ამავე თემაზე: