სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ათი წლის შემდეგ ისევ გაერთიანდნენ, რომ საკულტო პერსონაჟები ეკრანებზე დააბრუნონ.

როგორც ერთგული მაყურებლებისთვის ცნობილია, სერიალის Sex and the City (სექსი დიდ ქალაქში) ახალ სეზონს იღებენ და ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა.

სარა ჯესიკა პარკერმა ინსტაგრამის პირად გვერდზე თავის კოლეგებთან და დიდი ხნის პარტნიორ მსახიობებთან — სინტია ნიქსონთან და კრისტინ დევისთან ერთად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რითიც გვაუწყა, რომ სერიალის გადაღებები დაიწყო.

And Just Like That… (და სწორედ აი, ასე...) — ეს იქნება ახალი შოუს სახელწოდება, რომელიც კერი ბრედშოუს, მირანდა ჰობსის და შარლოტ გოლდენბლატის მეგობრობის შესახებ კიდევ ერთხელ მოგვითხრობს, ოღონდ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ სექსი დიდ ქალაქშის გაგრძელებაში მონაწილეობას არ მიიღებს თავდაპირველი სამსახიობო გუნდის ვარსკვლავი კიმ კეტრელი, რომელიც სამანტას პერსონაჟს ასახიერებდა.

სანაცვლოდ შოუში გამოჩნდებიან სხვა ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორებიც არიან მისტერ ბიგი, ენტონი მარენტინო და სტენფორდ ბლაჩი. ასევე ვიხილავთ ახალ სახეებსაც: სარა რამირესი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟის როლს მოირგებს.

Sex and the City-ის სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა. ამ სამყაროს გმირების ახალი ისტორია, რომელსაც HBO Max იღებს, თანამედროვე დროში განვითარდება და მასში არც კორონავირუსის პანდემიას აუვლიან გვერდს.