ნინოწმინდის ხელმძღვანელის, ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, დაწესებულებიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც ის ამბობს, პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო და მათგან 19 რჩება.

"ჩვენთან ახლა ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. როგორი პროცესია ხომ იცით, ვისაც წასვლა უნდა ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, სრულად ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ", — განაცხადა იაკობმა.

კითხვაზე რა ნიშნით შეარჩიეს გათავისუფლებული თანამშრომლები, მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ადგილზე მეტი აღმზრდელის ყოფნის საჭიროება არ იყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას ითხოვს. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.