24 ივნისს, საქართველოში ღონისძიება GIFT, იგივე გლობალური ფინტექ ფორუმი გაიმართება. ის ერთი დღის განმავლობაში თავს მოუყრის სპიკერებსა და მათ გამოსვლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იქცევა პირველ ღონისძიებად, რომელიც საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მსოფლიოში არსებული ფინტექ გამოცდილების გაზიარებას შეძლებს. ეს არის ძალიან საჭირო სიახლე როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის, მაშინ, როცა ფინტექ ინდუსტრია, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა.

"GIFT არის ადგილი, სადაც თავს იყრის მრავალფეროვანი ექსპერტიზა დაწყებული პლატფორმული მოდელებიდან, დამთავრებული პლატფორმ-აგნოსტიკური, კრიპტო-დეცენტრალიზებული მოდელებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის დაიწყო სინგაპურსა და ჰონკონგში — ადგილებში, რომელთაც ინტელექტუალური ლიდერობის და პოლიტიკის განსაზღვის ფუნქცია აქვთ მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და შუეა-აღმოსავლეთშიც კი, როდესაც საქმე ეხება ღია ბანკინგის მოდელებს, ციფრული ბანკების ლიცენზიებს, CBDC-ებს და ა.შ. ეს თემები საქართველოშიც აქტუალურია, ჩვენ გვინდა ამ ღონისძიებით საფუძველი ჩავუყაროთ აღნიშნული (სინგაპურის მსგავსად) "როლ მოდელის" ჩამოყალიბებას საქართველოში, რეგიონის ქვეყნებისთვის", — განმარტავს ღონისძიების თანაორგანიზატორი, ვარლამ ებანოიძე.

ამ მომენტში, ფინტექ ინდუსტრია ძალიან სწრაფად იზრდება და იცვლება. ფინტექ კომპანიები იღებენ კაპიტალს სილიკონ ველიდან, ლონდონისა თუ ბერლინის ბაზრებიდან დაწყებული, აზიის ბაზრებით დამთავრებული. მსოფლიოსა და საქართველოში მოქმედებას იწყებს სულ უფრო მეტი რეგულაცია, რომელიც ინდუსტრიის ჩარჩოებს ქმნის და სხვადასხვა მოთამაშეებს ერთ წესებს აცნობს. ასეთია მაგალითად ღია ბანკინგის რეგულაცია, რომელიც საქართველოში წლის დასაწყისში უკვე ამოქმედდა. ამან უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო და ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ფინტექ მოთამაშეებს შეეძლოთ თანამშრომლობა, იქნება ეს ფინტექ კომპანიები, ბანკები, ტექნოლოგიური გიგანტები თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და რეგულატორები. ამ მიზნისთვის, მათ სჭირდებათ გლობალური პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, ამ მოთამაშეების დაკავშირებას, მეორე მხრივ კი მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზანს ისახავს Global Impact FinTech (GIFT), რომელიც ერთ-ერთი მთავარი გლობალური ფორუმია ფინტექის კუთხით, თუმცა ის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი, ასევე ინკლუზიური ფორუმია მსოფლიოში, რომელიც ეკოსისტემაში მოღვაწე ლიდერებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.

მას შემდეგ, რაც GIFT-ის რეგიონული ნაწილი სამხრეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში დაიწყო, ფორუმმა ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპისკენ გადმოინაცვლა და სწორედ ამ გადმონაცვლების ფარგლებში ჩატარდება ღონისძიება GIFT საქართველოში, 24 ივნისს. ეს საწყისი ღონისძიება კი ორგანიზებულია საქართველოს ბანკისა და StartUp Grind-ის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით.

სამიტზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • ღია და ინკლუზიური ფინანსები;
  • გლობალური ფინტექ პოლიტიკის ჩარჩოები;
  • გლობალური ფინტექ ეკოსისტემები: მთავარი მიგნებები;
  • ქალი ლიდერები ფინტექში — GIFT-ის პერსპექტივა.
  • DeFi-ები და NFT-ები.

ეს იქნება ნამდვილად მსოფლიო დონის სამიტი, რომელიც გააერთიანებს მსოფლიო დონის 30 სპიკერს 20 ქვეყნიდან. მათ აქვთ სხვადასხვა გამოცდილება სფეროში, მათ შორის, სინგაპურის ბლოკჩეინ ასოციაციიდან, მალაიზიის ფინტექ ასოციაციიდან, ევროპის ბლოკჩეინ ფედერაციიდან. აქ ასევე იქნებიან DBS Bank-ის, Citi-სა და Standard Chartered Bank-ის წარმომადგენლები. ისევე როგორც რეგულატორები და ცენტრალური ბანკების (NBG, Bank of Thailand) წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასწრება სასარგებლო იქნება ფინტექ სტარტაპებისთვის, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციებისთვის თუ ფინანსურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. ასე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ GIFT-ის გლობალური საზოგადოების წევრი და მიიღოთ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებულ უახლეს გამოწვევებსა თუ გეგმებსა და პროგნოზებზე. პროგნოზებზე იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს ინდუსტრია მომავალში. შესაბამისად, სამიტი აღგჭურვავთ ცოდნით, რომელიც მსოფლიო დონის პროდუქტების შექმნასა თუ უკვე არსებული პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნად სერვისებად ადაპტირებაში დაგეხმარებათ.

ღონისძიებაზე დასასწრებად შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ რეგისტრაცია.