"თუ მოსამართლეთა დანიშვნები გაგრძელდება, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმის დაკარგული შანსი", — ასე შეაფასა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესი.

ელჩი აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს მოსამართლეების დანიშვნასაც და თუ კანდიდატები საბოლოოდ დამტკიცდებიან, ეს შეკითხვებს წარმოშობს. მისი თქმით, შეჩერდება თუ არა ეს პროცესი წარმოაჩენს იმას, რამდენად ერთგულია მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიღწეული შეთანხმებისა.

"პირობა რომ შესრულებულად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, გაჩნდება ლეგიტიმური შეკითხვები. ის დასაბუთება, რომ სასამართლოში კადრების პრობლემაა და მათი არდანიშვნა სისტემის კოლაფს გამოიწვევს, კარგი მიზეზი არ არის, რადგან საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში საკმარისი მოსამართლეები არიან, რომ დანიშვნის პროცესი შეჩერდეს", — განაცხადა დეგნანმა. (ფორმულას თარგმანი)

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა, სადაც თანამდებობაზე 46 მოსამართლე დაინიშნა. გარდა ამისა, საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეების სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ახლა კადრების დამატება სასამართლოში არსებული ძლიერი ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.