დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გუშინ, 21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილ ლოჯისტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, უახლოეს პერიოდში შეეძლებათ აცრა.

"გუშინ ეს დეფიციტი ძირითადად იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მიზეზი იყო ის, რომ ყველაზე მეტ აცრას ეს ორი კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო და ხეჩინაშვილის კლინიკა ახორციელებს. ამ საკითხთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი", — ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მოგვიანებით დამატებით გაკეთდება განცხადება. გამყრელიძე, ასევე, განმარტავს, რომ იმ ადამიანებს, ვინც ასტრაზენეკას პირველ დოზაზე იყო დარეგისტრირებული და პრობლემა შეექმნათ, შეუძლიათ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა შესთავაზონ.

"ვინც ჩაწერილია და მათ აქვთ მეორე აცრა 10-დან 12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, დაახლოებით 1600-მდე დოზა ჩვენს ქსელში გვაქვს და ისინი ყველა აიცრებიან. ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი პირველი აცრიდან 4-დან 10 კვირამდე, მათ ვთხოვთ მოთმინებას, ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ ამ უხერხულობისთვის, ვთხოვთ მოთმინებას და მათ მიეწოდებათ დამატებით ინფორმაცია, როგორც კი გვექნება დადასტურება, თუ როდის შემოდის 43000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინის", — ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული შეფერხება და შესაძლებელია, რომ ეს იყო აღრიცხვის პრობლემა.

"ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ იყო დოზა ქსელში და სინამდვილეში ეს... მიმდინარეობს კვლევა ამსთან დაკავშირებით, ანუ ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და ამის მოკვლევა მიმდინარეობს. სათანადო პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის", — თქვა გამყრელიძემ.

როგორც On.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა განუცხადა, 21 ივნისს საავადმყოფოში ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა, რის გამოც დაახლოებით 25-მა ადამიანმა ასტრაზენეკათი აცრა ვერ შეძლო.