ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს ოპოზიციას, თუ მმართველი გუნდი ამ საკითხის ფორსირებას დაიწყებს, გავიდნენ პარლამენტიდან.

"ჩვენ ახლა ვიხილავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს და მე ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთი ცვლილების განხილვას, როდესაც დღეს ჩვენ, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, მოვისმინეთ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ აგრძელებთ და აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას, პროცესის გაგრძელებას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში, ეს არის უგულებელყოფა ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის და მინდა გავაჟღერო ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ ქართული ოცნება მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო", — განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტში.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეების დანიშვნაზე თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა და ამ პროცესის გაჩერებას არ აპირებენ.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.