შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გურიაში, დაბა ურეკში 13 პირი დააკავა. უწყების განცხადებით, მოქალაქის დაკავების შეემდეგ ამ პირებმა პოლიციელს სცემეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს", — წერია განცხადებაში.

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათავალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.