ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია საქნახშირის ხელმძღვანელის, მიხაილ სოცკის განცხადებით, გაფიცული მეშახტეებს ხელფასის 300 ლარით არ გაუზრდიან. ამის შესახებ მან საქნახშირის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება რომ გაზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია სპეციალური პრემირებისა და ბონუსური სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100% გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს", — აცხადებს მიხაილ სოცკი.

მისივე მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ, უსაფრთხოების წესებს არღვევენ. კომპანიის განცხადებით, მთლიანი კოლექტივი გაფიცული არ არის და კომპანიის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 30-40 ადამიანია.

კომპანია, აგრეთვე, განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ კომპანიაში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა დასაქმებულების მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. საქნახშირის განცხადებით, მათთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან.

"დაახლოებით ორი კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. მასთან ჩამოყალიბდა ხუთი კომიტეტი. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან — დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა", — აცხადებენ საქნახშირიში.

მათივე თქმით, კომიტეტების მუშაობის ფარგლებში ის მოთხოვნები განიხილეს, რომლებიც საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა წამოაყენეს. კომპანია ირწმუნება, რომ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხები 100%-ით არის გადაწვეტილი.

"საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია. ამიტომ შედგა საბჭოს შეხვედრა, განხილული იქნა საკითხები და მივიღეთ სპეციალური რელიზი, რომელსაც მოგაწვდით. საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა", — აღნიშნავენ კომპანიაში.

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეები დღეს 06:00 საათიდან გაიფიცნენ. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება წარუმატებელი მედიაციის შემდეგ მიიღეს.

პროფკავშირების ცნობით, გაფიცვა მოძრაობის უბნისა და ზედაპირული კომპლექსის 400-მდე თანამშრომელს მოიცავს. ეს არის უბანი, რომელიც საშახტე მიმოსვლას ემსახურება.

"დასახელებული არ აქვთ ჯერჯერობით პროცენტი, რამდენ პროცენტს ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელფასი შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის", — უთხრა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ On.ge-ს.

მეშახტეების თქმით, ამჟამად მათი ხელფასი, პოზიციების მიხედვით, 450-800 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის შახტში დასაქმებულები ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს ხშირად აპროტესტებენ. მიმდინარე წლის თებერვალში ძიძიგურის სახელობის შახტის 9 მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდა. ისინი კომპანიის მხრიდან განახევრებული ხელფასების დარიცხვას აპროტესტებდნენ.

გასული წლის მარტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.