გასულ ხუთშაბათს, გაერომ ანტარქტიდაზე დაფიქსირებული რეკორდული ტემპერატურის შესახებ გვამცნო. ეს რეკორდული მაჩვენებელი 18.3 გრადუსი ცელსიუსი გახლავთ, რაც ყველაზე ცივი კონტინენტისთვის მართლაც განსაცვიფრებელი რიცხვია.

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, რეკორდული ტემპერატურა 2020 წლის 6 თებერვალს, არგენტინის, ესპერანცას ლაბორატორიაში, ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე დაფიქსირდა.

"ამ მაქსიმალური ტემპერატურის ჩანაწერის გადამოწმება მნიშვნელოვანია, რადგან ის გვეხმარება ამინდისა და კლიმატის სურათის შექმნაში. ანტარქტიდის ნახევარკუნძული პლანეტის ყველაზე სწრაფადმთბობ რეგიონებს შორისაა — მისმა ტემპერატურამ თითქმის 3 გრადუსით მოიმატა ბოლო 50 წლის მანძილზე. ეს ახალი ტემპერატურული რეკორდი შეესაბამება კლიმატის ცვლილებას,რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით", — განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა.

კავშირი გლობალურ დათბობასთან

ანტარქტიდის საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს -10 გრადუსიდან (სანაპიროზე) -60 გრადუსამდე (კონტინენტის უმაღლეს წერტილებში). შესაბამისად, დაფიქსირებული მაჩვენებელი ზღვრულ საშუალო ტემპერატურას გაცილებით აღემატება.

ზოგადად დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის შემდეგ 1 გრადუსით გაიზარდა, რაც გვალვების, სითბური ტალღების და ტროპიკული ციკლონების ინტენსივობის გაზრდისთვის საკმარისია.

მაგრამ რაც შეეხება ანტარქტიდას, მის თავზე ჰაერის ტემპერატურამ ორჯერ მოიმატა.

Psy.org-ის ცნობით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, ტემპერატურის კიდევ 2 გრადუსით მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყინულის ფენების დნობა გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე, რაც მსოფლიო ოკეანის დონეს 13 მეტრით ასწევს.

ფოტო: New Matilda

"ეს ახალი ჩანაწერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილება მოითხოვს დაუყოვნებელი ზომების მიღებას", — თქვა არგენტინის ეროვნული ამინდის სამსახურის ხელმძღვანელმა და WMO-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სელესტ საულომ.