შვედურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ცისარტყელას ფონდმა თბილისი პრაიდს დონაციით უკვე 60 000 ლარზე მეტი შეუგროვა. ამის შესახებ On.ge-ს ცისარტყელას ფონდმა აცნობა.

თავდაპირველად ფონდმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღწერდა, როგორ განვითარდა მოვლენები თბილისში. ისინი საუბრობდნენ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ძალადობაზე და აღნიშნავდნენ რომ ლგბტ თემს საქართველოში მხარდაჭერა სჭირდება, რადგან "პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ამტკიცებს, რომ "მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია პრაიდის ჩატარების". მათივე თქმით, თბილისი პრაიდს დახმარება სჭირდებოდა ოფისის აღსადგენად და მუშაობის გასაგრძელებლად.

ამ განცხადების შემდეგ კი ფონდის ფეისბუქგვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, თუ რა სახის თანხა შეგროვდა. მათი თქმით, შეგროვებული თანხა დაეხმარება თბილისი პრაიდს ფეხზე წამოდგომაში, ლგბტქ აქტივისტების დაცვასა და იურიდიული მომსახურების გაწევაში.