ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში 146 664 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 286,8%-ით აღემატება, თუმცა 2019 წლის იმავე თვის მონაცემს 80%-ით ჩამორჩება.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც ივნისში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. თურქეთი — 29,6 ათასი ვიზიტი; ზრდა გასული წლის იმავე თვესთან — 87%;
  2. ისრაელი — 15,8 ათასი ვიზიტი; ზრდა — 34 328,3%-ით;
  3. უკრაინა — 15,5 ათასი ვიზიტი; ზრდა — 1 324%;
  4. რუსეთი — 15 ათასი ვიზიტი; ზრდა — 332,9%;
  5. სომხეთი — 13,3 ათასი ვიზიტი; ზრდა — 68,7%;
  6. საქართველო (არარეზიდენტი) — 10,9 ათასი ვიზიტი; ზრდა — 372,5%;
  7. ყაზახეთი — 7,3 ათასი ვიზიტი; ზრდა — 1 374%;
  8. აზერბაიჯანი — 6,9 ათასი ვიზიტი; ზრდა — 92,2%;
  9. საუდის არაბეთი — 6 ათასი ვიზიტი; გასული წლის ივნისში ამ ქვეყნიდან ვიზიტი არ განხორციელებულა;
  10. ბელარუსი — 3,8 ათასი ვიზიტი; ზრდა — 381,5%;

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 464 126 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 62,2%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის გათვლებით, გასულ წელს ტურიზმის სექტორმა უცხოელი ვიზიტორებისგან 2,7 მილიარდით ნაკლები, 541,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წლის შემოსავლებს, 2021 წლის იანვარ-მაისში უცხოური ტურიზმიდან 176,5 მილიონი დოლარი შემოვიდა.