ერთიანი ნაცინალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია პარლამენტიში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გულისხმობს, ასევე, კონსტიტუციის ახალი რედაქციის კენჭისყრაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ფრაქცია ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობა, აღარ გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით", — თქვა ხატია დეკანოიძემ.

დღეს ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდნენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. მათი განცხადებით, დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ამასთან, სასეისიო დარბაზში შევიდა TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი. სწორედ ამ არხის ოპერატორი იყო გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა. წერეთელს დარბაზი დაატოვებინეს. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დღესვე, პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რთულია დაზუსტებით იმის თქმა, ვინ გადავიდა პირველი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. კადრებიდან ირკვევა, რომ დაპირისპირებაში თითქმის ყველა პარტიის დეპუტატი მონაწილეობს.