ბრიტანელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რიჩარდ ბრენსონი, წარმატებით გაემგზავრა კოსმოსში, Virgin Galactic-ის სარაკეტო თვითმფრინავით. მან მთავარ მიზანს, გაფრენილიყო ამაზონის დამფუძნებელ, კონკურენტ ჯეფ ბეზოსზე ადრე, წარმატებით მიაღწია.

კომპანია Virgin Galactic ბრენსონმა 17 წლის წინ დააარსა. ფრენა კვირას დილით განხორციელდა, ჯეფ ბეზოსის გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი კოსმოსური ეპოქის გარიჟრაჟზე",— განაცხადა ბრენსონმა თავის ტვიტერზე, ფრენის შემდეგ.

ბრენსონის ნანატრი ფრენა სულ 59 წუთი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ეკიპაჟმა რამდენიმე წუთიანი უწონობა განიცადა.

ფოტო: Virgin Galactics-ის ხომალდი, VVS Unity

"ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე",— თქვა ბრენსონმა.

ბრენსონთან ერთად ხომალდში იმყოფებოდნენ დევიდ მაკაი, მაიკლ მასაუჩი, კომპანიის მთავარი ასტრონავტი — ბეთ მოსესი, Virgin Galactic-ის წამყვანი ოპერაციების ინჟინერი — კოლინ ბენეტი და სირიშა ბანდალა, რომელიც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია.

ჯეფ ბეზოსმა, რომელიც ბრენსონის კომპანიის კონკურენტია, ტვიტერზე გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც ბრენსონის გუნდს წარმატებას უსურვებდა.

ბრენსონის ფრენიდან ცხრა დღეში ჯეფ ბეზოსის კომპნია, Blue Origins გაუშვებს საკუთარ კოსმოსურ ხომალდს სახელად New Shepard, რომელშიც ჯეფ ბეზოსიც იქნება თავის სამ მგზავრთან ერთად. ერთ-ერთი მისი ძმა მარკია, მეორე უოლი ფანკი, 82 წლის ქალბატონი, რმელიც 60 წელია ასტრონავტობაზე ოცნებობს. მესამე ადგილი კი აუქციონზე 24 მილიონად გაიყიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნასას მტკიცებით, ზღვის დონიდან 80 კმ-ზე მაღლა აფრენის შემთხვევაში ადამიანი ოფიციალურად ითვლება კოსმონავტად. 2004 წლის შემდეგ, რაც Virgin Galactic დაარსდა, ბრენსონი თავისი რაკეტით ამ ზღვარის გადაკვეთას ცდილობს. ასევე, ის ახლა ისწრაფვის მიზნისკენ, რომ შექმნას "ორბიტალური სასტუმრო".

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრენსონის კომპანიას კრახიც განუცდია. 2014 წელს სარაკეტო თვითმფრინავის პროტოტიპი ჩამოვარდა, საცდელი ფრენის დროს, კალიფორნიაში, რა დროსაც ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

კოსმოსური ტურიზმისადმი ინტერესი ძალიან სწრაფად იზრდება. ბრენსონის კომპანიის მტკიცებით, მათ აქვთ 600-ზე მეტი დაჯავშნილი ადგილი, 250 000 დოლარად. ასევე, კომპანია 2022 წელს ორ დამატებით ფრენასაც გეგმავს.