ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ინფორმაციით, მათი ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათივე განცხადებით, ესენი არიან: შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კონსტანტინე მორგოშია.

პრორუსული და ძალადობრივი არხის ცნობით, არ იციან, დააკავეს თუ არა განყოფილებაში გადაყვანილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები.

დღეს, 16 ივლისს პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ამის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს ზურაბ მახარაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები. ალტ-ინფოს ინფორმაციით, გადაყვანილია კონსტანტინე მორგოშიაც.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

5-6 ივლისის ჰომოფობიურ კონტრაქციებზე დარბევებსა და ძალადობებს აორგანიზებდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ ფალავანდიშვილი, მორგოშია და მახარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საზოგადოება აქტიურად ითხოვს ორგანიზატორების დასჯას, ისინი დაკავებულები არ არიან. აქამდე, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

პარლამენტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მორგოშია იქ შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებს და სირცხვილიას ოფისისკენ გადასვლისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანია. ალტ-ინფო სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.

ალტ-ინფოს Facebook გვერდი არაერთხელ დაბლოკილა, წაშალეს მათთან დაკავშირებული ქსელიც. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. 11 ივლისს კი, ალტ-ინფოს ვებგვერდიც გაუთიშეს. სწორედ ალტ-ინფო იყო 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის თანაორგანიზატორი. მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.