ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაღალჩინოსანში, რომელმაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველი არ იგულისხმება. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"არა, რა თქმა უნდა, აქ ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში, ეს ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ, ამიტომ არ ვკონკრეტდებით. განსხვავებით, გახსოვთ ჩვენი ოპონენტები, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორს", — თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობენ თუ არა ამ მაღალჩინოსანში აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, პაპუაშვილი იმეორებს, რომ ქართველ მაღალჩინოსანზე არ საუბრობენ და "კონკრეტიკაში შესვლა" არ სურთ.

"უპირველს ყოვლისა, ქართველი ჩინოსანი, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება. რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება, დამახინჯებით თუ მის გარეშე, არ გვინდა ამ კონკრეტიკაში შესვლა, ვინმეზე პიროვნულად საუბარი, თუმცა ჩვენი აღქმა ეს გახლავთ, რომ არის დამახინჯებით მიტანა ინფორმაციის", — თქვა მან.

დღეს ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", ქვეყნის მთავარ სტგრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია. პარტიაში არ აკონკრეტებენ, ვის ადანაშაულებენ აშშ-სთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა აცხადებენ, რომ "ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს".