დღეს ცნობილი გახდა, რომ სვეტიცხოველში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარია, მსახურება რუსულ ენაზე აღევლინა. თეოლოგები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა აქამდე არ ახსოვთ. მას შემდეგ, რაც რუსულ ენაზე ჩატარებული მსახურების ვიდეო გავრცელდა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოკლე განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში იმყოფებიან სასულიერო პირები უკრაინიდან, რომლებმაც სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა ითხოვეს. საპატრიარქოს თქმით, ერთობლივი მსახურება ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღევლინა. ისინი ამბობენ იმასაც, რომ "ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს".

როგორც აღმოჩნდა, პრობლემა იმაზე ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, სვეტიცხოველში უკრაინიდან ჩამოსული სასულიერო პირები გალობდნენ, მაგრამ ისინი მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებიან. ამას On.ge-სთან საუბარში ადასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც. მისი თქმით, მიღებული პრაქტიკაა, როცა სტუმრად მყოფ დელეგაციას, პატივისცემის ნიშნად, მშობლიურ ენაზე მსახურების საშუალება ეძლევა და შერეული მსახურება ტარდება.

საერთოდ არ უნდა იღებდნენ ასეთ დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და მით უმეტეს, საქართველოს ეკლესიის გულის გულში, მცხეთაში, სვეტიცხოველში არ უნდა აძლევდნენ არანაირი წირვა-ლოცვის უფლებას, დაუშვებელია ეს, ანტისახელმწიფოებრივია. სვეტიცხოველი, თავის დროზე, ოკუპირებული იყო, გადათეთრდა ეგზარქოსის ბრძანებით მთელი ინტერიერი, როგორც არაერთი ქართული ტაძარი, თუნდაც მაგიტომ არ უნდა შეუშვა ეს ხალხი იქ.

ბექა მინდიაშვილი

"ეს არის ურთიერთპატივისცემის ჟესტი, რომელიც ვლინდება ყველგან, ყველა ეკლესიაში. [...] მთელი მსახურება არ ყოფილა სლავურად, ქართველი სასულიერო პირებიც იდგნენ და იყო შერეული. შერეული არის შერეული, ნუ ეძებთ ამის იქით განსაკუთრებულ რაღაცას, ჩვეულებრივი ამბავია. აქ რომ ყოფილიყვნენ ბერძნები, რუმინელები, ბულგარელები, ჩვეულებრივად ასევე იქნებოდა, როგორც ამ შემთხვევაში იყო. არაფერი განსაკუთრებული".

კითხვას, თუ ახსენდება საქართველოში სხვა ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლების მსახურება, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ჩვენთან ბერძნულად უგალობიათ, მათ შორის მთელი წირვა-ლოცვაც და შერეულადაც.

მას ვკითხეთ, ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევა სვეტიცხოველში:

"რატომ გამოყავით სვეტიცხოველი, არ ვიცი. ზუსტად ვერ გეტყვით, ასეთი აღრიცხვა ხომ არ შეიძლება არსებობდეს. სამებაში, სიონში ან ანჩისხატში რომ ყოფილიყო, არ გაჩნდებოდა ეს შეკითხვები? ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, სვეტიცხოველი იქნებოდა თუ ჯვრის მონასტერი, მაინც გაჩნდებოდა ეს შეკითხვები. [...] ვერ გეტყვით, ამის სტატისტიკა არ მაქვს, თუ დროს მომცემთ, მოვიკითხავ და გეტყვით პასუხს. თუმცა სულაც არ არის გამორიცხული... თქვენ როგორ გგონიათ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ამ მხრივ უკრაინის ეკლესიის მიმართ და უკრაინელების მიმართ? რატომ უნდა იყოს, რა ნიშნით უნდა იყოს განსხვავებული დამოკიდებულება უკრაინული დელეგაციის მიმართ?".

მას მოჰყავს სხვა ქვეყნებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ შერეული მსახურებების მაგალითებიც.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი განმარტავს, რომ კიევში მოსკოვის საპატრიარქო არის უკანონო ეკლესია, ხოლო კანონიერის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე არ ცნობს.

"ეს ის ხალხია, ვინც იპყრობს უკრაინას, ვინც ებრძვის უკრაინის ეკლესიისა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას".

მისი განცხადებით, მოსკოვის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირების მიერ სვეტიცხოველში რუსულ ენაზე წირვის შესრულება ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, მართლმადიდებლობას.

"საერთოდ არ უნდა მიიღოს საქართველოს ეკლესიამ რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობის წარმომადგენლები, რომლებიც გვართმევენ აფხაზეთს, რომელთა კურთხევით კლავენ ქართველებს წლების განმავლობაში. სწორედ კირილე აკურთხებს იმ მეომრებს, რომლებიც შემოიჭრნენ საქართველოში, კირილე ულოცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ანუ ულოცავს ქართველებზე გამარჯვებას, ულოცავს ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი ქართველების ხოცვა-ჟლეტას. აქ ქრისტიანობაზეც არ არის საუბარი, ეს არის პირდაპირ მტრული ძალის იდეოლოგიური ინსტრუმენტი", — ამბობს ბექა მინდიაშვილი.

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე მიიჩნევს, რომ სლავურად წირვის ჩატარება რუსეთის დაქვემდებარებისკენ სვლას ნიშნავს და ქართულ ეკლესიაზე დარტყმაა.

ფოტო: ბასილ კობახიძე / FB

"მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ჩვენმა მამებმა ავტოკეფალია გამოაცხადეს, რუსეთმა ზეწოლა მოახდინა, რომ ეროვნული ავტოკეფალია ყოფილიყო. რუსეთმა უთხრა, რომ საქართველოს ის ეკლესიები, სადაც ქართულად ლოცულობენ, იყოს დამოუკიდებელი და სადაც მრევლი რუსია, ის დარჩეს ჩვენს იურისდიქციაშიო. შესაბამისად, სლავურ ენაზე წირვის აღვლენა პირდაპირ ნიშნავს სვლას რუსეთის დაქვემდებარებისკენ", — ამბობს ის.

ბასილ კობახიძე აღნიშნავს, რომ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სვეტიცხოველში იყვნენ, რუსი ოლიგარქი, უკრაინაში პუტინის მიერ საეკლესიო ზედამხედველად დანიშნული ვადიმ ნოვინსკი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლახან დიაკვნად აკურთხეს. მილიარდერი ნოვინსკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეა.

"ესენი არიან "კაგებეშნიკი" უკრაინელები, რომლებიც არ ცნობენ უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიას, არიან რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში. ჩვენი საპატრიარქოც არ ცნობს იმ დამოუკიდებელ ეკლესიას. ვადიმ ნოვინსკი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა შიოს და თავის კოლეგებს "კაგებედან" და ალბათ მისცა კიდევ ფულები და მოისყიდა. ჩვენი მრევლი რომ არ იყოს ასეთი ზომბირებული, სულ კუდით ქვა უნდა ასროლინონ მაგათ და სვეტიცხოვლის წინამძღვარ სერაფიმე ჭედიას, რომელიც არის არამზადა ადამიანი. ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა ქართული ერის, ქართული ეკლესიის და იმ ავტოკეფალიის გამომცხადებელი ჩვენი საეკლესიო მამების სულების", — ამბობს ბასილ კობახიძე.

მოსკოვის საპატრიარქო არ არის მართლმადიდებლობა სარწმუნოებრივი და თეოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის მართლმადიდებლობა პოლიტიკური და იმპერიული თვალსაზრისით, რომელიც ყველაზე მეტად მტრობს სწორედ სარწმუნოებრივ მართლმადიდებლობას. სწორედ ეს ფორმა დამკვიდრდა საქართველოში რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლობის საპატრიარქოს მეშვეობით და იმ ორგანიზებული ბანდების მეშვეობით, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში 5-6 ივლისს.

ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ არ ახსენდება შემთხვევა, როცა ქართულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა სხვა საეკლესიო დელეგაციამ ჩაატარა. მისი თქმით, შეიძლება პატრიარქი ან რომელიმე ეპისკოპოსი იყოს თანამწირველი და 1-2 ლოცვა წარმოთქვას, მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში პირდაპირ ისინი წირავდნენ სვეტიცხოველში.

"ეს არის არამარტო საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციის გამართლებაც. ეს არის სიმბოლური აქტი", — აცხადებს ის.

ბასილ კობახიძეც ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიაში 1984 წელს მივიდა და იმ დროიდან არ ახსოვს ერთი შემთხვევაც კი, როცა სვეტიცხოველში წირვა სლავურ ენაზე ჩატარდა.

"1984 წელს მოვედი ეკლესიაში მე და რამდენი სტუმარი არ ყოფილა ჩამოსული, გნებავთ რუსეთიდან თუ უკრაინიდან, მაგრამ ერთხელაც არ მახსოვს და არც ყოფილა, რომ სვეტიცხოველში, სადაც ავტოკეფალია გამოაცხადეს ჩვენი ეკლესიის მამებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ისევ სლავურ ენაზე ყოფილიყოს წირვა. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა", — ამბობს ბასილ კობახიძე.

ბექა მინდიაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული განწყობები ღიად პრორუსულია.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ შემთხვევაში ურთიერთობს მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოსთან და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის განწყობები, რაც არსებობს საქართველოს საპატრიარქოში, არის ღიად პრორუსული. ისინი მსოფლიო პატრიარქს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომეს უყურებენ როგორც ამ გლობალური რუსული ინტერესებს მტერს და თვითონაც განიხილავენ მას, როგორც მიმტაცებელს კანონიკური მიწების, ასე იხსენიებენ ხოლმე საუბარში მას. მასპინძლობენ ხოლმე პერიოდულად რუსულ დელეგაციას, რომელშიც კაცმა არ იცის, ვინ შედის და რა ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანები, რა მისიით და დავალებით ჩამოდიან საქართველოში. მათ ინტენსიური კავშირი აქვთ სწორედ ამ უკრაინის პუტინისტურ ეკლესიასთან, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, რადგან არაა დასამალი, რომ მოსკოვის საპატრიარქო არის პუტინის ინსტრუმენტი, საუკუნეების განმავლობაში იყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი".

ფოტო: UNAG

იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო რუსეთის ინტერესების გამტარებელია, ბექა მინდიაშვილს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არცნობაც მოჰყავს.

"საპატრიარქო არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანტიქართული, ანტიუკრაინული და ანტიმართლმადიდებლური პოზიციების მქონე სასულიერო პირთა ხელში, რადგან ისინი უპირისპირდებიან არამარტო უკრაინის ეკლესიას, არამედ ქართულ გამოცდილებასაც, რადგან ჩვენც ანალოგიური გზა გავიარეთ ავტოკეფალიის მოპოვებისას, ვიდევნებოდით და შეჩვენებული ვიყავით პირდაპირ რუსეთის ეკლესიის მიერ. საპატრიარქო უპირისპირებდა ყველა იმ ეკლესიას, რომელიც აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და არიან მოწინავე იმ ეკლესიების ჯგუფში, რომლებიც მიიჩნევიან პრორუსულებად. ეს არის სირცხვილი, ამის ატანა დაუშვებელია. არ შეიძლება ასეთი ანტიქრისტიანული, ანტიქართული ინტერესების საპატრიარქო არსებობდეს საერთოდ ჩვენს რეალობაში", — ამბობს მინდიაშვილი.

საპატრიარქოში პრორუსულ განწყობებზე საუბრობს ბასილ კობახიძეც. მისი თქმით, სახელმწიფო და ეკლესია, რუსეთის დაკვეთით, საქართველოში მართლმადიდებლური ფაშისტური დიქტატურის დამყარებას ცდილობენ. ის გამოყოფს შიო მუჯირის განცხადებასაც, რომელმაც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" კანონით რეგულირება მოითხოვა.

"მან მოსთხოვა სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოსთანვე, რომ ასეთი კანონი მიიღონ და შემდეგ, ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ეკლესიაც საუბრობს "ანტიეკლესიურ ძალებზე". საპატრიარქო კი საბჭოთა სტილის პროპაგანდისტულ ვიდეოებს აქვეყნებს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების გამონათქვამებისგან პატრიარქის კრიტიკით, რომ ეს არის დაუფარავი შეურაცხყოფა ეკლესიის, მაშინ, როცა ეკლესიის დაუფარავი შეურაცხყოფა სწორედ სვეტიცხოველში აღვლენილი სლავური წირვაა", — ამბობს ბასილ კობახიძე.

ასე, უტიფრად, საპატრიარქო პირდაპირ მიგვათრევს რუსულ ორბიტაზე

ბასილ კობახიძე

კიდევ ერთი თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სვეტიცხოველში რუსულ ენაზე მსახურება საქართველოში პრორუსული ჯგუფების აქტივობას დაემთხვა.

ფოტო: მირიან გამრეკელაშვილი / ფეისბუქი

"აქ საინტერესოა, რატომ დაემთხვა, პრორუსული ჯგუფის აქტივობას ამგვარი ლიტურგიკული ლეგიტიმაცია და იგივეს უფლებას მისცემდნენ თუ არა კიევის საპატრიარქოს ადგილობრივ დელეგაციას ან ჯგუფს? ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე: სიძულვილის ჯგუფები, მაღალი იერარქების ანტიდასავლურობა, პოლიტიკოსების ანტიდემოკრატიული განცხადებები არის ორკესტრირებული გაბრძოლება რუსეთის მხრიდან. მესმის, რომ ამას სტუმარ-მასპინძლობით ხსნიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბერძნულ დელეგაციას ან თუნდაც კიევის საპატრიარქოს არ მისცემდნენ ამის საშუალებას. სვეტიცხოველი არის ქართული კულტურული მეხსიერების ძალიან მნიშვნელოვანი ტოპოსი არა მარტო როგორც ტაძარი, არამედ ჯერ კიდევ წარმართობიდან მოყოლებული საკრალური ადგილი. ამ ადგილიდან განხორციელებული გზავნილები, სიმბოლური მინიშნებები, მეტაფორები ინსტინქტურად ჯდება მოსახლეობის მეხსიერებაში — ანუ თუ სვეტიცხოველში რუსები წირავენ, ე.ი., კარგი ადამიანები არიან, "პიდარასტებისგან" გვიცავენ, ერთნაირად ვაზროვნებთ, მათ ქალებს ვუყვარვართ, ერთმორწმუნეები არიან. ასე იფიქრებს მრევლის ის ნაწილი, ვისაც კიდევ ეეჭვებოდა", — ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეკლესიის სასულიერო პირები მიმდინარე წლის 7 ივნისსაც მიიღო. ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა".

"მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები", — აღნიშნავდნენ საპატრიარქოში.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ დელეგაციაში ბასილ კობახიძის მიერ ნახსენები ვადიმ ნოვინსკიც იყო, თუმცა ფოტოებზე ის ნამდვილად ჩანს.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

On.ge-მ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ნოვინსკის შესახებაც ჰკითხა. ანდრია ჯაღმაიძემ დაგვიდასტურა, რომ 7 ივნისს ის ნამდვილად იყო ილია მეორესთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, რუსული გალობის დროს სვეტიცხოველში ნოვინსკი არ იმყოფებოდა.

"ბოლო ვიზიტის დროს ნოვინსკი იყო უკვე იპო დიაკვანი, წიგნის მკითხველის რანგში, უკვე შემოსილი კაბით. დელეგაციის ოფიციალური წევრი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის შემოსილი იყო, სხვა დროს როგორც საერო პირი, ისე იყო ხოლმე", — ამბობს ჯაღმაიძე.

კითხვას, სხვა შემთხვევებში რა მიზნით იმყოფებოდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებზე ნოვინსკი, ის ასე პასუხობს:

"ახლდა. საერო პირებიც არიან ხოლმე სხვადასხვა რანგში, შეიძლება იყოს მდივანი, პრესცენტრი ან სხვა რანგში, ეს აკრძალული არ არის, შეიძლება დელეგაციაში შედიოდეს".

მილიარდერი ვადიმ ნოვინსკი უკრაინელი პოლიტიკოსია. ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეა. ნოვინსკი საპატრიარქომ 2019 წელსაც მიიღო და მაშინაც რუსეთს დაქვემდებარებულ უკრაინული ეკლესიის დელეგაციასთან ერთად.