საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის განცხადებით, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მართლმსაჯულების სისტემას აშშ არ აკრიკიტებდა. იან კელიმ დღეს ტვიტერზე კრიტიკის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.

"ეს სიმართლე არ არის. ნახეთ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში — იქ ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის პერიოდის სასამართლო სისტემის კრიტიკა. მაგალითად, 2011 წელს: "ცრუ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობა", "სასამართლო ხელისუფლება აგრძელებს მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ".

ეს აშშ-ს მიერ სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით რა საფრთხეს წარმოადგენს ლიდერი, რომელიც საკუთარ ფაქტებს იგონებს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს", — წერს იან კელი.

შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის არშეჩერებაზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის პასუხად პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა 17 ივლისს თქვა, რომ "სამწუხაროდ", მათგან კრიტიკა არ მოუსმენია 2012 წლამდე სასამართლოს მიმართ.

გაიგე მეტი:

აშშ ქართული ოცნებას შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს. შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს". მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს და თან ამტკიცებდა, რომ დოკუმენტის პირობებს ასრულებს, აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ყვითლად არის მონიშნული შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც საუბარია მოსამართლეების შერჩევის შეჩერებაზე.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამართლო კლანთან. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.

გაიგე მეტი