"დასაჯეთ მოძალადეები" — ამ წარწერით პარლამენტის პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი მას შემდეგ გადმოფინეს, რაც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

პარალელურად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

ფოტო: ხატია ღოღობერიძე/On.ge

"მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ჩემი გულწრფელი მწუხარება გამოვხატო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს", — ასე დაიწყო გომელაურმა თავისი სიტყვა, თუმცა გაგრძელების საშუალება მას აღარ მიეცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავდაპირველად კოლეგებს მინისტრის მოსმენისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

გომელაურის პარლამენტში მიწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 28 მაისს, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გამოთქვა. მას შს მინისტრის მიწვევა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სურდა, რათა კითხვები დაესვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სამნიძის განცხადება "არ იყო აკურატულად შედგენილი" და თავიდან გაგზავნა სთხოვა. ამის შემდეგ კი ამბობდა, რომ მინისტრს 5 ივლისამდე, ანუ დაგეგმილ ღირსების მარშამდე, პარლამენტში მისვლა, შესაძლოა, ვერ მოესწრო. 1-ელ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, სამნიძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა და გომელაურს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პარლამენტში პრაიდის უსაფრთხოებაზე სასაუბროდ მისულიყო.

არც პრაიდის კვირეულამდე და არც მის განმავლობაში გომელაური პარლამენტში არ მისულა. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ მომრავლდა, რაც 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო გამოსულმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელს თავს დაესხნენ, შეიჭრნენ და დაარბიეს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობის ოფისი. დღის წესრიგში დადგმა მისი გადადგომის მოთხოვნის საკითხიც.

გომელაური საჯაროდ მხოლოდ 8 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციიდან მე-3 დღეს გამოჩნდა და თქვა პარლამენტში მივა, "ჯანმრთელობა თუ არ შეუშლის ხელს". გადადგომაზე დასმულ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "ამაზე ბევრი ოცნებობს".

11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის პროტესტი უფრო გააქტიურდა — ჟურნალისტები, ათასობით მოქალაქესთან ერთად, პარლამენტის წინ რამდენჯერმე შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ როგორც გომელაურის, ისე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას. 17 ივლისის აქციის დროს მათ მოუწოდეს საპარლამენტო ოპოზიციას, დაესწროს გომელაურის მოსმენას და დაუსვან კრიტიკული კითხვები.