პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საჭიროა ოპოზიციამ დაიწყოს კონსულტაციები კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე. ის, ასევე, საჭიროდ მიიჩნევს შეთანხმებას იმაზე, რომ ძალოვანი უწყებები ნაციონალური მოძრაობის წარდგენილმა კანდიდატებმა არ უნდა ჩაიბარონ.

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან", — წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიცია ამ პირობებზე შეთანხმდება, შესაძლებელი იქნება ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა.