თუ ამსტერდამის Oudezijds Achterburgwal-ის არხზე გაივლით, ფოლადის ელეგანტურ ხიდს წააწყდებით. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ საქმე ძველ არქიტექტურულ შედევრთან გაქვთ, თუმცა რეალურად ხიდი სულ ახალია და თან — ინოვაციური. ეს ხიდი, რომელიც სენსორებითაა აღჭურვილი, 3D პრინტერმა დაბეჭდა.

ხიდის შესაქმნელად 6 თვის განმავლობაში ოთხი რობოტი მუშაობდა. ინჟინერებისთვის ეს ერთგვარი ექპსპერიმენტი იყო — მათ აინტერესებდათ, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ფოლადის გამოყენება 3D პრინტერის მასალად.

"აქამდე არ შექმნილა 3D კონსტრუქცია, რომელიც ქვეითად მოსიარულეების წონას გაუძლებდა", — აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესოი ლეროი გარდნერი, — "კონსტრუქცია პროცესში უამრავჯერ შევამოწმეთ სიმულაციების გზით და საოცარი შეგრძნებაა, რომ ჩვენი ნაშრომი საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია".

2015 წელს ინიცირებული პროექტის ფარგლებში მრავალღერძა რობოტებმა ფოლადი 1,500°C-მდე გააცხელეს და ხიდი ფენა-ფენა ააწყვეს. 12 მეტრი სიგრძის კონსტრუქცია დაახლოებით 4500 კილოგრამი უჟანგავი ფოლადისგანაა აგებული. თუ ხიდის შექმნის ისტორიას გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხიდი რობოტმა "გახსნა". მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის დედოფალმა მაქსიმამ მწვანე ღილაკზე თითი დააჭირა, ლენტი მაკრატლიანმა რობოტმა გადაჭრა.

ხიდი აღჭურვილია მრავალი სენსორით, რომელიც ხიდის ვიბრაციასა და მდგომარეობაზე ინფორმაციას აგროვებს. მონაცემებს პროექტის ავტორები იმის გასაანალიზებლად გამოიყენებენ, თუ როგორ შეიცვლება ხიდი დროის გასვლასთან ერთად, ამინდის თუ სხვა გარემოებების ზემოქმედებით. ხიდის შემქმნელებს შეეძლებათ იმის გაგებაც, რა ნაწილს სჭირდება აღდგენა ან შეკეთება.

პროექტის ავტორი ჰოლანდიური სტარტაპი MX3D-ა: ორგანიზაცია ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ალან ტურინგის ინსტიტუტის მკვლევრებითაა დაკომპლექტებული.

"3D ბეჭდვა ინჟინერიაში წამყვანი მიმართულება გახდება და ჩვენ ამ ტექნოლოგიის სრული პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", — ამბობს პროფესორი მარკ გილორამი, პროექტის ხელმძღვანელი ტურინგის უნივერსიტეტიდან.

3D ხიდი ქალაქს ორი წლის განმავლობაში მოემსახურება — სანამ თავდაპირველი ხიდი რესტავრაციას გადის.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.